სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

იულია სკრიპალმა რუსეთის საელჩოს დახმარებაზე უარი თქვა

იულია სკრიპალი
BBC

სოლსბერიში რუსული ქიმიური იარაღით მოწამლული ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილმა რუსეთის საელჩოს დახმარებაზე უარი უთხრა.

იულია სკრიპალი საავადმყოფოდან კვირის დასაწყისში გაწერეს. სერგეი სკრიპალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ საავადმყოფოში რჩება.

პოლიციამ იულიას სკრიპალის განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ჯერ საკმარისად ძლიერი არ არის მედიისათვის სრული ინტერვიუს მისაცემად, თუმცა მანამდე მისი და სერგეი სკრიპალის სახელით არავინ ისაუბრებს.

ამ დროისათვის იულია დაცულ ლოკაციაზე იმყოფება, სადაც მისი განცხადების მიხედვით სპეციალური ოფიცრები მას ეხმარებიან და გამოძიების პროცესს აცნობენ.

"მე კონტაქტი მაქვს ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან და ასევე გამაცნეს რუსეთის საელჩოში საკონტაქტო პირები, რომელთაც დახმარება შემომთავაზეს, თუმცა ამ დროისათვის მათი სერვისებით სარგებლობა არ მსურს. თუ აზრს შევიცვლი, ვიცი როგორ უნდა დავუკავშირდე მათ." ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საელჩომ თქმით მათ განცხადების ავთენტურობაში ეჭვი ეპარებათ.

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

კომენტარები