ეკონომიკური ზრდა

კვირიკაშვილი: ეკონომიკური ზრდის კუთხით პოზიტიური დინამიკა გვაქვს

მთავრობის ადმინიტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის კუთხით პოზიტიური დინამიკაა და ეს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. კვირიკაშვილი მიმდინარე წლის ბოლოსთვისაც ამ მხრივ კარგ მაჩვენებლებს ელოდება. 

"საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული  ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩვენ 2017 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5% და 2018 წლის ორ თვეშიც, იანვარ-თებერვალში, ასევე მაღალი ზრდა დაფიქსირდა. თებერვალში, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა  5.5 %, ჯამში იანვარ-თებერვლის მონაცემებით 4.9 %-იანი ზრდა გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკმაც გაზარდა საქართველოს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლები მთელ რიგ მიმართულებებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორისაა — საწარმოთა ბრუნვა, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. 2018 წელს ვფიქრობთ,  რომ წლის ბოლოს გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის, რათა მათ განახორციელონ ახალი გეგმები, ახალი ინვესტიციები. ეს მაჩვენებელი, რათქმაუნდა, სხვა მთელ რიგ მაჩვენებლებთან ერთად იძლევა საკმაოდ პოზიტიურ სურათს." - ამბობს პრემიერი.

კვირიკაშვილის თქმით, მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა განაპირობა. 

"2018 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტის 25 %-იანი, ხოლო იმპორტის 8.7 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.  ამასთან, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა იქონია მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. ზრდის ხელშემწყობ სხვა ფაქტორებს რაც შეეხება - 20.6 %-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, თითქმის 13%-მდე იყო და შემცირდა 8.7 % -მდე რაც 531 მლნ. აშშ დოლარით შემცირებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის სტაბილურობისათვის და ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური მაჩვენებელია." - ამბობს პრემიერი.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები