ინფლაცია

რა საქონლის ფასი გაიზარდა 2017 წელთან შედარებით ყველაზე მეტად

Reuters

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ინფლაციამ 2.8% შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად ფასები ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფშია გაზრდილი, ასევე გაიზარდა ფასები ჯანდაცვისა და სურსათის სექტორებში.

კონკრეტული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ინფლაცია ასე გამოიყურება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 3,9 პროცენტით. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7,0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3,2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2,9 პროცენტი), თევზეული (2,8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-2,5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 6,2 პროცენტით. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (11,2 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,1 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით. შესაბამისად. ფასები გაიზარდა წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 3,7 პროცენტით. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,4 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,1 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 პროცენტი).

ინფლაციის არსებული მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით დაბალია, შარშან ამ დროს ინფლაცია 5.4% იყო, რაც 2017 წელს საწვავსა და თამბაქოზე გაზრდილ აქციზის გადასახადს უკავშირდებოდა. ამის გამო 2017 წელს სამიზნეზე მაღალი ინფლაცია იყო. 

2018 წლისთვის ეროვნულ ბანკს სამიზნე ინფლაციად 3% აქვს განსაზღვრული.

კომენტარები