არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება

მოზარდთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ 65 წლის მწვრთნელს პატიმრობა შეეფარდა

რუსთავი 2

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ 65 წლის მწვრთნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა მოითხოვდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში 65 წლის კაცი, რომელიც სკოლის სპორტის მასწავლებელია, 14 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის შეთავაზებებს უკეთებდა. საუბარი გოგომ ჩაიწერა. მამაკაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებით გუშინ დააკავეს, დღეს კი ბრალი წარუდგინეს. 

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები