ბორჯომის საკრებულო

ბორჯომის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს

პირველი არხი

ბორჯომის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - პატრიოტთა ალიანსის წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი. 

წინა თავმჯდომარე, ასევე პატრიოტთა ალიანსის წევრი, ზაზა ჩაჩანიძე საკრებულომ გასულ კვირას გადააყენა. გადაწყვეტილება საკრებულოს 21-მა წევრმა მიიღო, ჩაჩანიძის წინააღმდეგ კი ხმა 19-მა მათგანმა მისცა. 

ახალი თავმჯდომარეც იმავე 21-მა დეპუტატმა ერთხმად აირჩია.

ბორჯომის საკარებულში სულ 28 დეპუტატია.  

  • ქართული ოცნება - 13
  • პატრიოტთა ალიანსი - 11
  • ნაციონალური მოძრაობა - 2
  • ევროპული საქართველო - 1
  • ლეიბორისტული პარტია - 1

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც ქართული ოცნება უმცირესობაა. თუმცა, დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ასე აღარ არის.

საკრებულოში ევროპული საქართველოს დეპუტატის, ბაქარ შირაძის თქმით, ქართული ოცნება პატრიოტთა ალიანსთან გარიგდა.

"დღევანდელი სხდომა იყო პატრიოტების და ოცნების სკამების გადანაწილების თამაში ხალხის ფულის მიტაცების მიზნით. ქართული ოცნების 13 წევრი რომ ერთხმად მხარს დაუჭერს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს, ეს ოპოზიციური ერთობაა?", - ამბობს შირაძე. 

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს ბორჯომის მერიის სამსახურების უფროსების გაზრდილი ხელფასებიც. სარგოს მომატებაზე უარი თქვა ბორჯომის მერმა. 

  • მერის პირველი მოადგილე - 600 ლარით.
  • მერის მეორე მოადგილე - 500 ლარით.
  • სამსახურების უფროსები - 450 ლარით. სულ ბორჯომის მერიაში 9 სამსახურია.

ასევე, თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეს და კომისიის ხელმძღვანელებს.

ფოტო: ტაბულა

ფოტო: ტაბულა

მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასების მატება ბორჯომის საკრებულოში რამდენიმე კვირის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

28 თებერვლის სხდომაზე საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ქართული ოცნების ინიციატივას, რომელიც ბორჯომის მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებდა.

საკრებულოს ოპოზიცია ამბობდა, რომ საუბარი ათი ათასობით ლარზეა, რაც მთლიანობაში მუნიციპალიტეტის საჭიროებებს დააკლდება. 

კომენტარები