ბორჯომის საკრებულო

ბორჯომის საკრებულო თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს

რუსთავი 2

დღეს ბორჯომის საკრებულო თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. საკრებულოს შენობის გარეთ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველები იმყოფებიან შენობის შიგნითაც. 

ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების საკითხი საკრებულოს ქართული ოცნების 13-მა და პატრიოტთა ალიანსის 2-მა წევრმა რამდენიმე დღის წინ დააყენა. მათ მიზეზებზე საუბარი ამ ეტაპზე არ ისურვეს, თუმცა, საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ბაქარ შირაძის ინფორმაციით, განმცხადებლები ამ მოთხოვნის ოფიციალურ მიზეზად თითქოს ჩაგდებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასახელებენ, თუმცა რეალური მიზეზი სხვა რამ არის. 

"2017 წლის დეკემბრის სხდომაზე საკრებულომ უარი თქვა, თანხა გამოეყო 4 ავტობუსის ყიდვაზე - თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ მერია MAN-ის კარგი ავტობუსების შეძენას აპირებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბელორუსული "მაზ"-ის ყიდვა იგეგმებოდა, რაზეც საკრებულომ უარი თქვა. "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ამბობენ, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ვთქვით უარი და ჩაჩანიძის გადაყენებას ითხოვენ. სინამდვილე ის არის, რომ ალიანსი მმართველ გუნდს შეეკრა. ქართულ ოცნებას არ მოსწონს ბორჯომის ოპოზიციური საკრებულო. ეს ღალატია", - ამბობს ბაქარ შირაძე

"ქართულ ოცნებასთან" გარიგების შესახებ ბრალდებას საკრებულოს "პატრიოტთა ალიანსის" წევრები უარყოფენ. ტატიანა მარტინენკო ამბობს, რომ ჩაჩანიძის გადაყენების მოთხოვნა თავიანთი სურვილით დააყენეს. 

"პარტია არ ჩარეულა ჩვენ მუშაობაში. იყო მხოლოდ კონსულტაციები, რომ ჩვენ გადაგვედგა სწორი ნაბიჯები. ზაზა თვლიდა ამ სწორ რეკომენდაციას ზეწოლად, რაღაცა ჩარევად", - ამბობს მარტინენკო. 

"არანაირი გარიგება არ მომხდარა. ინიციატივა წამოვიდა "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისგან. ჩვენ, რა თქნა უნდა, მხარი დავუჭირეთ ამ ყველაფერს. გარიგება თუ მოხდა, ახლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, ვინ იქნება მოადგილე, რეალურად ეს არ მომხდარა. ერთადერთი მიზანი, ჩვენიც და ინიციატივის ავტორებისაც, არის ის, რომ ეს ადამიანი აფერხებდა ბორჯომის განვითარებას", - ამბობს ირაკლი კვირკველია, საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან". 

შირაძე, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიის წევრები, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა", საკრებულოს დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. შირაძე ამბობს, რომ მათ "სპექტაკლში მონაწილეობის მიღება არ სურთ". სხდომას არ დაესწრება ზაზა ჩაჩანიძეც. მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების" და "ალიანსის" წევრები შეძლებენ, გადაწყვეტილება მიიღონ და სავარაუდოდ, ჩაჩანიძის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილებასაც ერთხმად მიიღებენ. 


ფოტო: ტაბულა


ბორჯომის საკრებულოში დღესვე ქალაქის მერის და სამსახურების უფროსების ხელფასების გაზრდის საკითხიც უნდა განიხილონ. ეს თემა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების საგნად ერთხელ უკვე იქცა - 28 თებერვლის სხდომაზე საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ქართული ოცნების ინიციატივას, რომელიც ბორჯომის მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებდა.

საკითხის ჩაგდებას საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა - მერიის თანამშრომლებმა, რომლებიც ქართული ოცნების წევრები და მხარდამჭერები არიან, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წევრების კაბინეტების კარები ჩახერგეს და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. რამდენიმე დღით პარალიზებული იყო მერიაც, ვინაიდან საკრებულოდან ხელფასების გაზრდაზე უარის გამო ქალაქის არჩეული მერი და თანამშრომლები გაიფიცნენ. მაშინ ოპოზიციამ, მათ შორის პატრიოტთა ალიანსის წევრებმა ჩათვალეს, რომ მომხდარი ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ არის მიმართული.

ბორჯომის საკრებულო საქართველოს თვითმმართველ ორგანოებს შორის ერთადერთია, სადაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება" უმცირესობაშია. 

კომენტარები