ბორჯომის საკრებულო

ბორჯომის საკრებულოში მეტი ფრაქციის შესაქმნელად, ოცნების წევრებმა პარტია შეიცვალეს

http://sknews.ge

ბორჯომის საკრებულოში ქართული ოცნების 13 დეპუტატიდან ნაწილი პარტია კონსერვატორებში, ნაწილი კი მრეწველებში გადავიდა. ბორჯომის საკრებულოს ევროპული საქართველოს წევრი ბაქარ შირაძე ამბობს, რომ ამის მოტივი სამი სხვადასხვა ფრაქციის შექმნა და მეტი ანაზღაურების მიღებაა.

ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციურ პარტიებს ჯამში ქართულ ოცნებაზე მეტი, 15 დეპუტატი ჰყავთ.

მმართველი გუნდის დეპუტატებმა სამი ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ და „ქართული ოცნება-მრეწველების“ შექმნა ჯერ კიდევ დეკემბერში მოითხოვეს, თუმცა საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხოლოდ ერთი ფრაქციის დარეგისტრირებას დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც მმართველი გუნდის დეპუტატები სხვადასხვა პარტიაში გადანაწილდნენ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის წევრებს  სამი ფრაქციის შემქნა მაღალი ხელფასების გამო უნდათ -ფრაქციის თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს, საკრებულოს წევრთან შედარებით, მეტი ანაზღაურება აქვთ. ბაქარ შირაძე ამბობს, რომ ჯამში სამი ფრაქციის თავმჯდომარის და მათი მოადგილეების ხელფასი წლიურად დაახლოებით 65 000 ათასი ლარია, რაც ქალაქის ბიუჯეტს აკლდება.

„ ეს ყველაფერი კეთდება იმისთის, რომ აიღონ ხელფასები. ჩვენი დათვლით, წელიწადში ბიუჯეტს დაახლოებით 65 ათასი ლარი დააკლდება  და წავა მათ ხელფასებსა და კომფორტში. ეს ფრაქციები არ იქმნება რაიონის კეთილდღეობისთვის, მუშაობა თუ უნდათ ერთი ფრქაციითაც მოახერხებენ. თანხა, რაც ბიუჯეტს მათი ხელფასებისთვის მოაკლდება, ჰაერში გასროლილია“, - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების დეპუტატები ბორჯომის საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან. პირველი სხდომა მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს და მას შემდეგ არცერთ სხდომას არ დასწრებიან.

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს ბორჯომის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატებს.

კომენტარები