ნარკოპოლიტიკა

ომბუდსმენი: 2017 წელს ნარკოტესტირებაზე 13 175 ადამიანი წარადგინეს, უარი 1261-მა თქვა

ლიბერალი

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ნარკოტესტირება, წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც პრობლემური იყო. 

შსს-ის მიერ ომბუდსმენისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით 13 175 პირი წარადგინეს. მათგან 1261-მა პირმა გამოსაკვლევად ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 

ხოლო იმათგან, რომლებმაც ბიოლოგიური მასალა ჩააბარა - 11 914 ადამიანი, 5 318-ს ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდგინდა. 

სახალხო დამცველი წერს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციის თანამშრომელს ავალდებულებს, შეწყვიტოს პოლიციის სამართლებრივი ქმედება, თუ აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

"მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, ხშირია შემთხვევები პრაქტიკაში, როდესაც პოლიციელები არ ითვალისწინებენ ბრალდებულის უარს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და ისინი მაინც გადაჰყავთ საექსპერტო დაწესებულებაში, ან საექსპერტო დაწესებულებაში გაცხადებული უარის შემდეგ მათ არ ათავისუფლებენ. შესაბამისად, ნარკოტესტირების გამოყენებისას, თუ ადგილი ექნება პირის გადაყვანას საექსპერტო დაწესებულებაში მიუხედავად იმისა, რომ იგი უარს აცხადებს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, პოლიციის თანამშრომელთა მიერ პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვა გაუმართლებელი და არაპროპორციული იქნება.

2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებითაც პოლიციის თანამშრომლებს მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, პირი, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე შემოწმების მიზნით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანონ საექსპერტო დაწესებულებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა არგუმენტები, რომლებიც ასაბუთებენ მოქმედი წესის არაკონსტიტუციურობას ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. სხვა საკითხებიდან აღსანიშნავია, რომ ნარკოტესტირების შემთხვევაში იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილი თავისუფლების გარანტია, ასევე, პირის უფლება, არ მისცეს თავისი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, რადგან მას უწევს მისი ბიოლოგიური მასალის სწორედ მის მაინკრიმინირებლად გამოყენება. 2018 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია", - ნათქვამია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშში. 

კომენტარები