საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის შეფასებით, "საქართველოს ხელისუფლება, კონკრეტულად პარლამენტში თალაკვაძე-მდინარაძე-კობახიძის ჯგუფი არის ბოკერია-უგულავების იდეოლოგიების მძევალი დღესაც". ინაშვილმა TV პირველის ეთერში, ლევან ჩხაიძის "დღის ამბებში" განაცხადა, რომ მისმა პარტიამ პრემიერს მიმართა.
"პრემიერს მივმართე, მორიგ ჯერზე მიმართოს რუსეთს, დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გარშემო ანთებული კოცონების ჩაქრობა, არ არის საჭირო ამ ვითარებაში ის ტონალობა, რა ტონალობაც ახასიათებს ბოკერია-უგულავას პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელმაც თვითონ ჩააბარა კოდორი და ახალგორი, თვითონ არიან პასუხისმგებლები ცხინვალის და სოხუმის აღიარების პროცესზე. ეს ხალხი დღეს ეკერება ამ თემას, ამით ფარავს ეს ხალხი თავის დანაშაულს და თავის პასუხისმგებლობას ავიწყებს საზოგადებას, სამარცხვინოდ ჩაბარებულ კოდორსა და ახალგორზე, ეს ხალხი სამხედრო დამნაშავის სტატუსით უნდა იყოს გასამართლებული" - განაცხადა ინაშვილმა და დაამატა, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შესახებ პარლამენტის რეზოლუცია "ამ ვითარებაში არ იყო საჭირო".
ლევან ჩხაიძის კითხვაზე, "რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და ადამიანი მოგვიკლეს წამებით", ინაშვილმა უპასუხა - "თქვენ ნუ ბრაზდებით და ნუ ემსგავსებით ბოკერიას... უნდა დავსაჯოთ ის, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, ბოკერიამ, უგულავამ, მე არ ვარ თქვენი გაღიზიანების ადრესატი".
გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, "რეზოლუციაც კი არ უნდა მივიღოთ? რა უნდა გავაკეთოთ?", რაზეც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა მოუწოდა, "ნუ დაემსგავსებით ბოკერიას".
"თუ დაწყნარდებით, გეტყვით. ვერ გატყობთ, რომ წყნარად ხართ, ვერ გატყობთ, რომ სიმშვიდეს ინარჩუნებთ, ბოკერიას ჰგავართ ამ წუთში, ბოკერიას ნუ დაემსგავსებით, ჩემი კეთილი რჩევაა.
ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მისი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ის დამნაშავეები, რომლებმაც მოკლეს ტატუნაშვილი, ოსსაც მოკლავენ და ის დამნაშავეები, რომლებსაც ეროვნება არ აქვთ, ქართულმა სახელმწიფომ უნდა დაიჭიროს, იმოქმედოს ისე, როგორც ისრაელმა, თუნდაც მოიტაცონ, პირდაპირ გეუბნებით, როგორც ისრაელი აკეთებდა, ჩამოათრიონ აქ და გაასამართლონ, ეს უნდა გააკეთოს ღირსეულმა სახელმწიფომ და ღირსეულმა სპეცსამსახურებმა,
სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ბოკერიას და უგულავების შიშით კი არა, რომ "გამოგვაცხადებენ მეხუთე კოლონად, რუსეთის აგენტებად, მოღალატეებად"... ასეთი რეზოლუციების გავრცელების დრო და მომენტი ახლა არ იყო" - განაცხადა ინაშვილმა.
პარლამენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუცია 21 მარტს მიიღო. გარდა ამისა, გუშინ საქართველო შეუერთდა სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე დასავლური ქვეყნების პროტესტს და ერთი რუსი დიპლომატი გააძევა.





