სოფლის მეურნეობა

უცხოელებს საქართველოში მიწების შესაძენად ბიუროკრატიული ლაბირინთის გავლა მოუწევთ

ტაბულამ მოიპოვა ორგანული კანონის პროექტი, რომელიც უცხოელებისთვის სასოფლო სამეურნეო მიწების ფლობის საკითხს განსაზღვრავს. ქართული ოცნების მიღებულმა კონსტიტუციამ უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში მიწების ფლობა აუკრძალა, მაგრამ ასევე განისაზღვრა რომ მათ საგამონაკლისო წესით შეუძლიათ ფლობდნენ მიწებს, სწორედ ეს საგამონაკლისო წესებია ჩამოთვლილი ორგანული კანონის პროექტში.

დეპუტატ ოთარ დანელიას მიერ დაწერილი კანონპროექტის მიხედვით, უცხოელმა იმისთვის, რათა სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი გახდეს, სხვადასხვა საჯარო უწყებიდან მრავალი ტიპის ცნობები და ნებართვები, ბიზნესგეგმები და საგადასახადო დოკუმენტაციები უნდა წარადგინოს. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ინდივიდუალ გადაწყვეტილებას ირებს ადგილობრივი თვითმმართველობა, სამინისტრო და მთავრობა. თუ პირი ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, ის საკუთრების უფლებას კარგავს. იკრძალება უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა საზღვრიდან 5 კილომეტრის რადიუსში.

მოთხოვნები, რაც უცხოელმა მიწის შეძენისთვის უნდა დააკმაყოფილოს:

  • საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ არსებობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება.
  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მისაღებად, დაინტერესებული პირი საინვესტიციო გეგმას წარუდგენს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტოსთან და შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, საინვესტიციო გეგმას წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საინვესტიციო გეგმაში ასახულ უნდა იქნეს შესრულების ვადები და პირობები.
  • საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება წარედგენილ უნდა იქნეს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას.
  • საინვესტიციო გეგმით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირი ვალდებულია 1 წლის ვადაში გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ვადა აითვლება საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ყოველი პირობის შეუსრულებლობის მომენტიდან, თუ ამ პირობის არარსებობა გახდებოდა საქართველოს მთავრობის მიერ თანხმობის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
  • უცხოელს, რომელსაც გააჩნია მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია 2 წლის ვადაში გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (გარდა საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთისა), თუ არ უზრუნველყოფს (მათ შორის მესამე პირის მეშვეობით) მიწის გამოყენებას/დამუშავებას და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის წარმოებას.
  • საინვესტიციო გეგმის შეუსრულებლობა დასტურდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხოლო მიწის გამოყენების/დამუშავებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის წარმოების შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო აცნობებს სააგენტოს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
  • უცხოელს, რომელსაც არ გააჩნიათ მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ეკისრება ვალდებულება საკუთრების უფლების წარმოშობიდან 1 წლის ვადაში გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (გარდა საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთისა).
  • საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიმართ, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი შეღავათები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 5 კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში არსებულ, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული რეგულირების ზონებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

ამ კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება აპრილში იგეგმება.

მიწების მორატორიუმი და დაზარალებული საფინანსო სექტორი

დღეს უცხოელებს სასოფლო სამეურნეო მიწების შეძენა აკრძალული აქვთ. ეს აკრძალვა მომდინარეობს არა კონსტიტუციიდან, არამედ პარლამენტის მიერ 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმიდან. 

აკრძალვამ საქართველოს მოქალაქეებს წაართვა უფლება მიწა გაესხვისებინათ უცხოელებზე, უცხოელებს კი ამ მიწის შესყიდვის უფლება გაუქრო. აღნიშნულმა აკრძალვამ კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტი გამოიღო, რაზეც მის შემქნელ კანონმდებლებს რეგულაციის მიღების დროს არ უფიქრიათ, ის კომერციულ ბანკებს სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტებას უზღუდავდა. მთავრობამ აღნიშნული აკრძალვისთვის კრიტიკა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ბიზნესასოციაციებისგანაც დაიმსახურა.

აკრძალვა ვრცელდება უცხოელების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ. ამ კომპანიების რიგებში არიან კომერციული ბანკებიც, რომლებსაც პარლამენტმა მორატორიუმის პირველი ვერსიით სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა აუკრძალა. მიწის ფლობის აკრძალვით კი კომერციულ ბანს უფლება წაერთვათ გამხდარიყო გადაუხდელი კრედიტის შედეგად სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მიწის მფლობელი, ეს კი საერთოდ კრედიტის გაცემას აზრს უკარგავდა.

მორატორიუმის მიღების დროს დაშვებული შეცდომა გამოსწორებულია ორგანული კანონის პროექტში, რადგანაც მისი მიხედვით საფინანსო დაწესებულებებს მიწების ფლობა შეუძლიათ. 

"საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციების მიმართ არ ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის, მიკროსაფინანსო საქმიანობის და სადაზღვევო საქმიანობის შედეგად.", - წერია ორგანული კანონის პროექტში.

ორგანული კანონის მნიშვნელობა ინვესტორებისთვის

მთავრობას ინვესტორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ამ ორაგნული კანონის მიღებას უკვე თვეებია თხოვენ. 2017 წლის ნოემბერში ტაბულასთან საუბარში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადა, რომ ინვესტორებს სჭირდებათ იცოდნენ თუ როგორ იმუშავებს მიწის ბაზარი მას შემდეგ რაც კონსტიტუციური აკრძალვა ძალაში შევა.

"სასოფლო სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებაზე მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ამიტომაც პარლამენტმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს ორგანული კანონი, რათა ინვესტორებს ნათელი სურათი ჰქოდნეთ.

გასაგებია ამ ტიპის რეგულაციის შემოღება, რომელიც ზღუდავს და კრძალავს მიწის ფლობას უცხოელებისთვის, თუმცა ეს ინვესტორისთვის კარგი სიგნალი არაა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ამ აკრძალვას მოჰყვეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განმარტავს მიწის გრძელვადიანი იჯარით აღების წესებს. მაგალითად, მე ვარ ინვესტორი და მე მიკრძალავენ მიწის ფლობას, მაგრამ მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ საქმიანობის გაგრძელებისთვის 50 ან 99 წლით შემეძლოს მიწის იჯარით აღება - ეს ფუნდამენტური საკითხია",- ამბობს ბარტოლი.

ქართული ოცნების მიერ მიღებული კონსტიტუციის მეცხრამეტე მუხლში წერია:

მუხლი 19 (მეოთხე ნაწილი)

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით."

ეკონომიკური ვარდნა და არარსებული ინვესტიციები - რა ხდება ქართულ სოფლის მეურნეობაში

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) მხოლოდ $3.6 მილიონი შეადგინა. სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასეთი მცირე 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.

2017 წელს აგრარულ სექტორში ჩადებული ინვესტიციები მთლიანი FDI-ის 0.02%-ზე ნაკლებია.

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ყველაზე ნელა მზარდი დარგია, 2017 წლის მესამე კვარტალში სექტორში ზრდის ნაცვლად შემცირება დაფიქსირდა და მან მინუს 2.8% შეადგინა. 

სოფლის მეურნეობის სფეროს კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის მეურნეობების არსებობა (50 ჰა და მეტი), თუმცა საქართველოს შემთხვევაში მეურნეობების ძირითადი ნაწილი -85% მცირემიწიანია და მათი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებს შეადგენს. დაბალია დარგის კომერციალიზაცია, რაც სოფლად სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია თვითდასაქმებული, მათი შემოსავლები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე მინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9.9%-ს ქმნიან, როდესაც დასაქმებულთა დანარჩენი ნაწილი, ანუ 750 ათასი მოქალაქე, მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს ქმნის.

ამავდროულად, დარგის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ინოვაციების არარსებობა. უცხოეთის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის აკრძალვით ქართულ სოფლის მეურნეობაში ინოვაციების დანერგვის ტემპიც შეიძლება შემცირდეს.

კომენტარები