სექსუალური შევიწროება

ჯანდიერი: უგრეხელიძეების კლანი ხელშეუხებელია და ამ კლანის წევრია წულუკიანიც

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ბრალდებებს და ამ ბრალდებებზე მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებას, facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. ჯანდიერი წერს, რომ ქვეყანაში უგრეხელიძეების კლანი ხელშეუხებელია და წულუკიანიც ამ კლანის წევრია. მინიტრის ყოფილი მოადგილე ასევე წერს, რომ წულუკიანს ინფორმაცია უგრეხელიძის ქმედებებთან დაკავშირებით ერთი წლის წინაც ჰქონდა. 

"ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევის კიდევ ერთი მორიგი მაგრამ მძიმე მაგალითი "სამართლიანობის" სამინისტროში, რასაც საფუძველი თვითონ მინისტრმა ჩაუყარა. ეს არის მაგალითი იმის, როცა ადამიანთა ჯგუფს ყველაფრის უფლება ეძლევა. უგრეხელიძეების კლანი ჯერ-ჯერობით ხელშეუხებელია ამ ქვეყანაში. საინტერესოა კიდევ რამდენი კეთილსინდისიერი ადამიანი უნდა შეეწიროს ამ კლანს, რომლის წევრიცაა თვითონ იუსტიციის მინისტრი? კიდევ რამდენი ათეული ადამიანის შრომითი უფლება უნდა იქნას დარღვეული იუსტიციის სისტემაში? რატომ არის ეს კლანი ხელშეუხებელი? ვითომ ახლა გაიგო ამ ამბის შესახებ, მაშინ როცა ერთ წელზე მეტი გავიდა სახალხო დამცველის დასკვნიდან, რომელიც მსხვერპლმა პირადად გაუგზავნა მინისტრს იმეილზე და საპასუხოდ მისგან რაღაც სულელური პასუხი მიიღო. რამდენიმე თვის წინ გაზეთ "ქრონიკა პლიუსშიც" გამოქვეყნდა ეს ამბავი. რა აქამდე არ იკითხა? ის,რაც ამ სამინისტროში ხდება უკვე დიდი დიდი ხანია სირცხვილიც აღარ არის" - წერს ჯანდიერი.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი მუქარაში, სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს. სავარაუდო მსხვერპლმა ომბუდსმენსაც მიმართა. 2017 წლის 3 მაისის დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ "უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".

კომენტარები