სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გადაჭრილი ორლულიანი თოფით შეიარაღებული გ.შ, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალს თავს დაესხა.
"იგი ბანკიდან ფულის გატაცებას აპირებდა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. სამართალდამცველებმა, რომლებიც საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე განაიარაღეს და დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ნიღაბი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





