სატელევიზიო რეიტინგები

TVMR: ტრიმედიასა და კომუნიკაციების კომისიას შორის სავარაუდოდ, ფარული შეთანხმებაა

stlucianewsonline.com

სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანია "TVMR საქართველოს" შეფასებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და რეიტინგების მზომავ კომპანია ტრი მედია ინტელიჯენსს შორის ფარული გარიგება მოქმედებს. საუბარია ტენდერზე, რომელიც კომისიამ 2018 წლის 19 თებერვალს გამოაცხადა. TVMR საქართველო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ტრი მედია კომისიას მომსახურების გაწევას სთავაზობს 98-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე ეს თავად კომისიას აქვს განსაზღვრული, რაც მომსახურების საბაზრო ფასზე მკვეთრად ნაკლებია.  

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის 19 თებერვალს გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი SPA180002071 სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი და სატელევიზიო არხების მონიტორინგის მომსახურების შესაძენად (25 ქართული მაუწყებლის (მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტვ პირველი, იბერია ტვ) შედეგების მისაღებად. აღნიშნულ ტენდერში მომსახურების მიღების პერიოდი განისაზღვრა 12 თვის ვადით, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 59,000 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით.

ტენდერში SPA180002071 მონაწილეობას იღებდა კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“ და შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი“, რომლის საბოლოო შეთავაზება 12 თვის მომსახურების გაწევაზე შეადგენდა 601 ლარს დღგ-ს ჩათვლით. თუ დავიანგარიშებთ შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი“ აპირებს, რომ მიაწოდოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი და სატელევიზიო არხების მონიტორინგის შედეგები თვეში 42,44 ლარად დღგ-ს გარეშე. თუნდაც იმ მოცემულობაში, როცა კომპანიას არ სჭირდება კონკრეტული სერვისის მიწოდებისათვის მომსახურების ახლიდან წარმოება, კითხვვებს ბადებს ასე მცირე თანხად მისი მიწოდების ალბათობაც კი, თანხად რომელიც ყოველთვიურ პენსიაზე ნაკლებია და შეუძლებელია აღნიშნული თანხით თუნდაც ერთი თანამშრომლის დაქირავება, რომელიც მომსახურების მიწოდებას განახორციელებდა. ამდენად, ჩნდება კითხვა ამ კონკრეტული კონტრაქტის ბიზნეს ბუნების შესახებ, და შესაბამისად სპეციფიკურ მიზნებზე, რაც შეიძლება ბიზნესის მიღმა ჰქონდეს ამ კომპანიას", - წერია განცხადებაში.

მსგავსი რამ მოხდა 2016 წელსაც, როდესაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა ტრი მედია ინტელიჯენსი. მაშინ კომპანიამ კომისიას მომსახურების მიწოდება 1000 ლარად შესთავაზა. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება კოპანიამ "თი-ვი ემ-არ საქართველომ" გაასაჩივრა დავების საბჭოში, სადაც მოხდა შპს "ტრი მედია ინტელიჯენსი"-ს დისკვალიფიკაცია. იქიდან გამომდინარე რომ ტრი მედიას ტენდერიდან გავარდნის შემდეგ, მხოლოდ ერთი პრეტედენტი TVMR დარჩა გამარჯვებაც წესით მას უნდა დარჩენოდა. თუმცა, კომისიამ TVMR -ის დისკვალიფიკაცია მოახდინა იმ მოტივით, რომ წარდგენილ ხელშეკრულებაში ფასი თითქმის ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე კომპანიის მიერ შეთავაზებული სატენდერო წინადადება, მაშინ როცა შპს „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ იგივე სერვისი კომისიას 28-ჯერ ნაკლებ ფასად შესთავაზა. 2016 წელს აღნიშნული ტენდერი ჩაიშალა, რის შემდეგაც კომსიამ პირდაპირი კონტრაქტი გაუფორმა ტრი მედია ინტელიჯენსს. 

"ამ ფაქტის გამო ალბათ აზრს კარგავს SPA180002071 ტენდერის შედეგების გსასჩივრება, რადგან გასული წლების პრაქტიკამ ნათლად დაგვანახა, რომ სავარაუდოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და შპს „ტრი მედია ინტელიჯენს“-ს შორის არსებობდა და კვლავაც არსებობს ფარული შეთანხმება კონკრეტული გარიგების დასადებად და ელექტრონული ტენდერები ფიქტიურ ხასიათს ატარებდა.

კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“ ემიჯნება ნებისმიერ ურთიერთობას, ნებისმიერ კონტრაქტს, რომლის კონტექსტი შეიძლება იყოს რამე გარდა წმინდა ბიზნეს ინტერესისა და ვფიქრობთ, მხოლოდ ამ ორი ტენდერის შედეგები იმ პირებისთვისაც ყველა კითხვებს გასცემს პასუხს საქართველოში სატელევიზიო მედია გაზომვების არსებული მდგომარეობის შესახებ, რომლებსაც დღემდე ასეთი კითხვები ჰქონდათ", - წერია TVMR-ის განცხადებაში.

ტრიმედია ინთელინჯენსი ერთ-ერთ საინფორმაციო ჰოლდინგ "პალიტრა მედიასთან" არის დაკავშირებული. კომპანიის 50-50% წილის მესაკუთრეები მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი არიან. მერაბ ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის GORBI-ის 70 %-იანი წილის მფლობელიც არის. გიორგი თევდორაშვილი კი, პალიტრა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში წილებს ფლობს. პალიტრა მედიას ეკუთვნის ტელეკომპანია "პალიტრა TV", ესეიგი თევდორაშვილი საკუთარი კომპანიის რეიტინგსაც ზომავს.

კომენტარები