ეკონომიკური ზრდა

ქუმსიშვილი: 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

საქსტატმა 2017 წლის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2017-ში ზრდა 5% იყო. საქსტატის აღნიშნული მონაცემი პირველად ინფორმაციას 0.2%-ით აღემატება. ეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ის მაინც ჩამოუვარდება წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ ზრდას. 

"თუ გახსოვთ, 2017 წელი წინასწარი შეფასებით, 4.8%-იანი ზრდით დავასრულეთ, თუმცა, დღეს მოხდა პირველი დაზუსტება და მინდა მოგახსენოთ, რომ 2017 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიურ წვლილი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ შეიტანა და ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი საქონლისა და მომსახურების წმინდა ექსპორტი იყო. დადებითი იყო ინვესტიციების და მოხმარების წვლილიც ეკონომიკურ ზრდაში.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები