რუსთავი 2

რატომ მოხსნა რუსთავი 2-ზე თავდასხმის შესახებ განცხადებიდან ხელმოწერა ISFED-მა

ტაბულა

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე რუსთავი 2-ზე თავდასხმაზე განცხადების შესახებ განმარტებას აკეთებს.

განცხადებას, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს საიტზე გამოქვეყნდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ISFED-იც ხელს აწერდა, თუმცა მოგვიანებით, ხელმოწერა უკან წაიღო.

„განცხადების მთავარი მიზანი იყო სასწრაფო რეჟიმში დაგვეგმო ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი. სიჩქარეში, ბოლო წინადადების ტექსტი გავიდა ისეთი ფორმულირებით, რასაც მე და ორგანიზაცია, რომელსაც წარმოვადგენ, არ ვიზიარებთ. "სამართლიან არჩევნებს" მომზადებული აქვს პოლიტიკის დოკუმენტი ამ საკითხზე, რომელიც მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება და რომელშიც მკაფიოდ არის წარმოდგენილი ჩვენი პოზიცია.

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ვთხოვე კოლეგებს "სამართლიანი არჩევნები" მოხსნან ამ განცხადების ხელმომწერებისგან. ბუნებრივია, კვლავაც, მკაცრად ვგმობთ რუსთავი 2-ზე და მის ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმას”, - წერს ბენიძე Facebook-ზე.

გაუგებრობა არასამთავრობოების მიერ გავრცელებული ტექსტის ბოლო ნაწილმა გამოიწვია, სადაც ეწერა, რომ „მისასალმებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე“.

საყვედური რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ წამყვანს გიორგი გაბუნიას გამოუცხადა, ეთერში იესო ქრისტეს შესახებ ხუმრობის გამო, რამაც, საბჭოს აზრით, „მორწმუნეთა გრძნობები შელახა“. ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომელიც ქართული მარშის თავდასხმის შემდეგ გაიმართა.

* ISFED-ის გადაწყვეტილებიდან დაახლოებით ერთ საათში განცხადების ტექსტიდან სადავო აბზაცი სხვა ხელმომწერებმაც ამოიღეს.

კომენტარები