დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

მეი: რუსეთმა უნდა ახსნას ყოფილი ჯაშუშის მოსაწამლად რუსული იარაღის გამოყენება

EPA

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით ოფიციალურმა მოსკოვმა უნდა ახსნას, თუ რატომ გამოიყენეს რუსეთის მიერ დამზადებული ნერვული აგენტი ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოსაწამლად.

პრემიერმინისტრის თქმით სავარაუდოა, რომ სალისბურის თავდასხმისთვის პასუხისმგებელი რუსეთი იყოს.

ტერეზა მეის განცხადებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოსაწამლად ნერვული აგენტი "новичок"-ი გამოიყენეს, რომელიც რუსეთმა შექმნა.

"ეს იყო ან პირდაპირი ქმედება რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ან რუსეთის მთავრობამ კონტროლი დაკარგა პოტენციურად კატასტროფული ზიანის მომტან ნერვულ აგენტზე და დაუშვა მისი სხვების ხელში ჩავარდნა." თქვა მან.

ტერეზა მეის თქმით საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, რათა განმარტოს ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვერსიაა სწორი.

მისივე თქმით თუ დღის ბოლომდე დამაჯერებელ პასუხს არ მიიღებენ დიდი ბრიტანეთი დაასკვნის, რომ რუსეთის მხრიდან მის წინააღმდეგ უკანონო ძალის გამოყენება განხორციელდა.

დიდი ბრიტანეთის პოზიციას იზიარებს აშშ-იც. სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თქმით ეს აღმაშფოთებელი ქმედება აშკარად რუსეთიდან მოდის და საპასუხოდ სერიოზული ქმედება უნდა მოჰყვეს.

რუსეთი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ტერეზა მეის განცხადებას "ცირკი ბრიტანეთის პარლამენტში" უწოდა.

კომენტარები