იტალია

ბერლუსკონი იტალიის დემოკრატიულ პარტიას სამთავრობო კოალიციის შექმნას სთავაზობს

სილვიო ბერლუსკონი
Reuters

იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიას სამთავრობო კოალიციის შექმნა შესთავაზა.

ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა 37% მიიღო. მეორე ადგილზე პოპულისტური პარტია "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაა" 32%-ით, ხოლო დემოკრატიული პარტიის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა მხოლოდ 23% დააგროვა.

საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხების შემდეგ იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მატეო რენციმ პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა.

"ნათელია, რომ დემოკრატიული პარტიის მმართველობა უნდა დავტოვო" თქვა 43 წლის რენციმ. ის იტალიის პრემიერმინისტრის პოსტს 2014-2016 წლებში იკავებდა და თანამდებობა რეფერენდუმზე მის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმების ჩავარდნის შემდეგ დატოვა.

"ჩვენ ვიქნებით ოპოზიციაში. დემოკრატიული პარტია არასოდეს გახდება სისტემის მოწინააღმდეგე ძალების ფრონტი." თქვა მან და განმარტა, რომ დემოკრატიულ პარტიას "5 ვარსკვლავის მოძრაობისაგან" სამი რამ ასხვავებს: "მათი ანტი-ევროპულობა, მათი ანტი-პოლიტიკა და მათი სიძულვილი, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრებისაკენ მიმართეს."

მიუხედავად ბერლუსკონის აქტიურობისა, მის პარტიას მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა არ მიუღია. კოალიციის ლიდერი მატეო სალვინის "ჩრდილოეთის ლიგაა" რომელმაც, ზოგიერთი ვარაუდით, შესაძლოა კოალიცია დატოვოს და მთავრობის ჩამოყალიბება "ხუთი ვარსკვლავის პარტიასთან" ერთად სცადოს. თუმცა, ბერლუსკონი ამბობს, რომ ამ ვარიანტს კატეგორიულად გამორიცხავს და სალვინის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარება.

ხუთი ვარსკვლავის პარტია კოალიციის ვარიანტს გამორიცხავდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ამ საკითხზე პოზიცია შეარბილა და არჩევნების მოახლოვებასთან ერთად განაცხადა, რომ კოალიციაში შესვლას იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ გადამწყვეტი შედეგი არ დადგება.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს ჩატარდა. წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები