თაღლითობა

სუს: დავაკავეთ პირი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სახელით ქრთამის აღებას აპირებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: კოტე დ. და დავით შ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-რთი თავს ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლად ასაღებდა და თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას ჰპირდებოდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, რომელთაგან ერთ-ერთი თავს ასაღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლად, წინასწარი შეთანხმებით, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, თითქოსდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, ქ.თბილისში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათ 200 000 ლარის გადახდა მოითხოვეს.

მიმდინარე წლის 8 მარტს, დაკავებულებმა, აღნიშნულ მოქალაქეებს, წინასწარ გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულების სახით დააკავეს", - აცხადებენ უწყებაში.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები