დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი ნერვული აგენტით მოწამლეს

AP

ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაზე გამოძიება გაფართოვდა. პოლიცია ადასტურებს, რომ ინციდენტის შედეგად სულ 21 ადამიანს დასჭირდა მკურნალობა. მისი ცოლის, ლუდმილა სკრიპალის და ვაჟის ალექსანდერ სკრიპალის საფლავებს პოლიციის ლენტი შემოავლეს.

გამოძიების მიხედვით სკრიპალის მოსაწამლად ნერვული აგენტი გამოიყენეს. 66 წლის სერგეი სკრიპალის და მისი 33 წლის ქალიშვილის, იულია სკრიპალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა საავადმყოფოს განცხადებით - სტაბილური.

ხუთშაბათს ლონდონში რუსეთის საელჩო გაზეთებში რუსი ჯაშუშის მოწამვლის შესახებ სათაურებს გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა:

"სინამდვილეში, ის ბრიტანელი ჯაშუში იყო, MI6-სთვის მუშაობდა."

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა, ემბერ რუდმა სკრიპალის მოწამვლას "უტიფარი და უგუნური" საქციელი უწოდა და თქვა, რომ როგორც კი ფაქტები ნათელი გახდება, მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს.

რუსეთი დიდი ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის შესახებ რაიმე ინფორმაციის ფლობას უარყოფს.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით რუსეთი მზადაა დაეხმაროს გამოძიებას.

"ჩვენ ვხედავთ ამ ტრაგიკულ სიტუაციას, მაგრამ არ გვაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს, რაში იყო ის [სკრიპალი] ჩართული." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში 4 მარტს მოწამლეს. 66 წლის სერგეი სკრიპალი, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა თავშესაფარი 2010 წელს მიანიჭა, ყოფილი რუსი აგენტია აშშ-ში და გავრცელებული ცნობით დიდი ბრიტანეთისათვის ჯაშუშობდა.

მოწამლულია მისი 33 წლის ქალიშვილი იულია სკრიპალიც. ისინი შეუძლოდ სუპერმარკეტში გახდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივეს მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დრომდე უცნობია რა ნივთიერებით მოიწამლნენ ისინი, თუმცა ვრცელდება ვარაუდი, რომ ისინი ფენტანილით მოწამლეს.

სკრიპალი რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. ის რუსეთმა 2006 წელს MI6-ისთვის ევროპაში რუსი ჯაშუშების ვინაობების გამხელაში დაადანაშაულა და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათი თქმით სკრიპალი ბრიტანეთის დაზვერვას რუსი ჯაშუშების შესახებ ინფორმაციას 1990-იანი წლებიდან აწვდიდა და სანაცვლოდ 100,000 აშშ დოლარი მიიღო. ის 2010 წელს ბრიტანეთში ჯაშუშების გაცვლის ფარგლებში მოხვდა. მის სანაცვლოდ რუსეთს აგენტების ჯგუფი გადასცეს, რომელთა შორის იყო ანა ჩაპმანიც.

მასთან ერთად ბრიტანეთისათვის გადაცემული კიდევ ერთი ყოფილი აგენტის, იგორ სუტიაგინის თქმით ჯერ ადრეა შემთხვევაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბრისათვის, თუმცა ამბობს:

"ვლადიმირ პუტინს ერთხელ ჰკითხეს როგორი ადამიანები აბინძურებენ მსოფლიოს. მან უპასუხა: მოღალატეები და მტრები. ერთხელ ლონდონში მყოფმა რუსმა დიპლომატმა მითხრა, რომ პუტინი იუდას მადარებს. ეს არის მათი დამოკიდებულება."

ყოფილი რუსი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ცოლმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ეს შემთხვევა 11 წლის წინ მომხდარს აგონებს. შეგახსენებთ, რომ ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილების ექსტრადირებაზე რუსეთი დღემდე უარს ამბობს.

კომენტარები