საზოგადოებრივი მაუწყებელი

საია: დაუშვებელია, GNCC-ის თავმჯდომარის მონაწილეობა GPB-ის მეურვეთა შესარჩევ პროცესებში

ვასილ მაღლაფერიძე, მაია ბიგვავა, კახა ბექაური და ლაშა ნაცვლიშვილი
ევროპული საქართველო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დაუშვებელია, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ პროცესებში. ორგანიზაცია იქვე აღნიშნავს, რომ ასევე დაუშვებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ჩართვა "ბორდის" წევრთა შერჩევაში. საია ევროპული საქართველოს წევრის თამარ კაკაბაძის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის გენდირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი მაია ბიგვავა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ხელისუფლებასთან დაახლოებული კომენტატორის, ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე ერთერთ კაფეში მსჯელობდნენ. კაკაბაძემ შეხვედრის ამსახველი ფოტოც გაავრცელა. 

"რუსთავი 2-ზე გასული სიუჟეტის შემდგომ, კახი ბექაურმა Facebook-ის საშუალებით განაცხადა, რომ აღარ აპირებს, ეს საკითხი უყურადღებოდ დატოვოს და გადაწყვიტა, აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოა. შესაბამისად, დაუშვებელია კომისიის თავმჯდომარის მხრიდან მის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტის - საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა შესარჩევ პროცესებში მონაწილეობა.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ასევე დაუშვებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მხრიდან ამ პროცესებში ჩართვა, ვინაიდან გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სამეურვეო საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა წარიმართოს სწორად და გამჭვირვალედ. საია მოუწოდებს ყველა პირს იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად" - აცხადებს საია.

ევროპული საქართველოს წევრმა თამარ კაკაბაძემ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ უარყო, რომ ის რომელიმე კანდიდატს ლობირებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატობის მსურველებს შორის ზაზა შათირიშვილიც არის. ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო კომისიას განაცხადით თოთხმეტმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის, შათირიშვილმა.

სამეურვეო საბჭოს 9-კაციანი შემადგენლობიდან, 4 ვაკანტურია. "ბორდის" ერთერთმა წევრმა, უმცირესობის მიერ დასახელებულმა სულხან სალაძემ 9 თებერვალს პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე მიმართა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებულ საბჭოს თავმჯდომარეს გრიგოლ გოგელიას და მარინა მუსხელიშვილს, ისევე, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ გიორგი კოხრეიძეს 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

თითო ვაკანტურ თანამდებობებზე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ 3-3 კანდიდატი უნდა წარადგინოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს ან გაათავისუფლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე.

კომენტარები