აზიური ფაროსანა

სამურაი კრაზანა ფაროსანას წინააღმდეგ

სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ შესაძლო გზად საქართველოში ფაროსანას ბუნებრივი პარაზიტის შემოყვანას განიხილავს. საუბარია კრაზანისებრთა ოჯახის მინიატურულ წარმომადგენელ "სამურაი კრაზანაზე", იგივე "იაპონურ კრაზანაზე" ინგ. samurai wasp, ლათ. Trissolcus japonicus-ზე. "სამურაი კრაზანის" შემოყვანაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ქვეყანაში არ მოხდება არცერთი ორგანიზმის შემოყვანა, ისე რომ ამ ორგანიზმის გარემოზე ზემოქმედების დეტალური შეფასება და გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირება არ მოხდეს.

"სამურაის კრაზანა" აზიის რეგიონისთვის, ძირითადად ჩინეთის, კორეისა და იაპონიისთვისაა დამახასიათებელი. ის ფაროსანაზე პატარაა, ჩვეულებრივ 1-1.5 მილიმეტრის სიგრძის შავი ფერის მწერია. მართალია "სამურაი" კრაზანისებრთა ოჯახის წევრია, თუმცა ის აგრესიული არაა და ადამიანებს არ ერჩის.

სამურაი კრაზანის ზომა


ფოტო: USDA

კრაზანა ფაროსანას კვერცხების პარაზიტია. ის საკუთარ კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხში დებს, საიდანაც 3 კვირის შემდეგ არა ფაროსანა, არამედ "სამურაი კრაზანა" იჩეკება. ფაროსანა კვერცხებს კლასტერებად დებს, საშუალოდ 100-200 კვერცხია ერთად თავმოყრილი. ერთ მდედრ კრაზანას ფაროსანას მაქსიმუმ 40 კვერცხის პარაზიტირება შეუძლია. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, სამურაი კრაზანებს ფაროსანას კვერცხების რაოდენობის 60-90%-ით შემცირება შეუძლიათ.

როგორ დებს სამურაი კრაზანა ფაროსანას კვერცხში საკუთარ კვერცხებს - ვიდეო

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) სამურაი კრაზანას, როგორც ფაროსანას წინააღმდეგ ბუნებრივ იარაღს 2007 წლიდან სპეციალურ საკარანტინო დაწესებულებებში სწავლობს. ორგანიზაციას მათი ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ ნებართვა ამ დრომე არ აქვს გაცემული. თუმცა, 2017 წელს ორეგონის შტატში USDA-ს წარმომადგენლებმა მიაგნეს "სამურაი კრაზანების" პოპულაციას, რომელიც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე აღმოცენდა. აღნიშნულ რეგიონში დაკვირვებამ აჩვენა, რომ "სამურაი კრაზანებმა" ფაროსანას რაოდენობის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს.

სამურაი კრაზანებზე დაკვირვება მიმდინარეობს იმ შტატებშიც, სადაც კრაზანების მცირე პოპულაცია ბუნებრივად არსებობს ესენია: დასავლეთ ვირჯინია, ვირჯინია, დელავერი, მერილენდი და ნიუ-ჯერსი.

კრაზანების ბუნებაში აღმოჩენა სავარაუდოდ, USDA-ს გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას გაიცეს ამ მწერის ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენების განკარგულება. თუმცა მათი გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჯერ ისევ არაა ბოლომდე გამოკვლეული, შესაბამისად უცნობია რა გავლენა ექნებათ კრაზანებს ბუნებრივ წონასწორობაზე ათი, ოცი და უფრო მეტი წლის შემდეგ.

"სამურაი კრაზანის" შესახებ მსგავს კვლევას ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაშიც ატარებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სწორედ შვეიცარიის ქალაქ დელემონში მდებარე კვლევით ცენტრში გაეცნენ "სამურაი კრაზანის" შესაძლებლობებს.

სამურაი კრაზანა


ფოტო: USDA

ბრძოლის ტრადიციული მეთოდები

სანამ სახელმწიფო ეგზოტიკური კრაზანის შემოყვანაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ფაროსანასთან ბრძოლა ისევ ტრადიციული მეთოდებით, ანუ ძლიერი შხამ-ქიმიკატებით გაგრძელდება. მთავრობამ შეიძინა 160,000 ლიტრი ბიფენტრინი - აღნიშნული ქიმიკატი ევროპასა და აშშ-ში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოიყენება. ასევე შეძენილია 200,000 ლიტრი დეცის ფლუქსი, ეს ქიმიკატი სპეციალური კვამლის წარმოქმნისთვის გამოიყენება, რომლითაც ხე-ხილი და ნათესი ფართობები უნდა დამუშავდეს. ასევე შეძენილია 100,000 ცალი ფერომონიანი სატყუარა. სატყუარები აზიური ფაროსანაზე მოქმედ ფერომონებს გამოყოფენ, რითიც მავლებლებს იზიდავენ. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამ ფერომონებს ჩვეულებრივ სპეციალური ხაფანგიც მოყვება, რომელიც მიტყუებულ მწერს იჭერს, თუმცა მთავრობამ ფერომონები ხაფანგების გარეშე შეიძინა.

ზარალის მასშტაბები და აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელების რისკები

2017 წელს საქართველოს თხილის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 53%-ით შემცირდა და მან $83 მილიონი დოლარი შეადგინა. შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ აზიური ფაროსანა იყო. დასავლეთ საქართველოში ათასობით ადამიანის საკარმიდამო ნაკვეთში განადგურდა თხილისა და სიმინდის ნარგავობები. მისი გავრცელების არეალი დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 100 ათასი ჰექტარი იყო.

ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს-მაისიდან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით;  ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს. მავნებლი გადასაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე  ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე.

2017 წლის ბოლოს ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც შენიშნეს. მაღალია ალბათობა, რომ 2018 წელს ამ მავნებელმა თავი აღმოსავლეთ საქართველოშიც იჩინოს.

კომენტარები