არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრა დატოვა - "კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ"

გიორგი კიკაბიძე

კვლავ უცნობია, როდის გადასცემენ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს. საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე დაისვა, თუმცა, კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. 

მოგვიანებით შეხვედრა ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, კახა ქემოკლიძის თქმით, საუბარი ორ საკითხს შეეხებოდა: არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას და ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოშვებას. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ვერც ერთ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მიიღო. 

„ძალიან რთული სხდომა იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ორი კითხვა დაისვა, ტატუნაშვილის საკითხის განხილვის კონტექსტში, როდის მოახერხებს ოჯახი ცხედრის მიღებას და როდის შეეძლება ორ მოქალაქეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. ​სამსაათნახევრიანი დისკუსიის შემდეგ, ვერც ერთ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა სხდომა. ​ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, მაშინ როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდება თავის ოჯახს და იმ ორ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება ოკუპირებულ ახალგორში მიეცემა ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება. ცხედარი იმყოფება ცხინვალში. მასალა გადაგზავნილია რუსეთის ერთ-ერთ საექსპერტო ბიუროში. თუ რომელ ბიუროშია, არ დაასახელეს. არ დაკონკრეტებულა, როდის მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ოჯახისთვის. აცხადებენ, რომ როდესაც მიიღებენ რუსული საექსპერტო ბიუროსგან დასკვნას, მაშინ შეეძლებათ ცხედრის დაბრუნება ამ საექსპერტო ბიუროს დასკვნასთან ერთად. ეს არის ცხადია კატეგორიულად მიუღებელი შეფასება და ამ შეფასებებს ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენდით. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის დატოვება მოგვიწია“, – თქვა ქემოკლიძემ.

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები