ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთთან 2017 წელს 1000 ადამიანი დააკავეს

სუს-ი

ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთთან 2016 წელს 3000, 2017 წელს კი 1000 ადამიანი დააკავეს

2016 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 3000, 2017 წელს კი - 1000 ადამიანი დააკავეს. 

ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს. მათ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 53-ე შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც გალში გაიმართა. 

"ეს ცალსახად შემაშფოთებელია ცენტრალური ხელისუფლებისთვის, ვინაიდან ხდება ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა და მათი უკანონოდ დაკავება", - ამბობს სუს-ის უფროსის მოადგილე, კახა ქემოკლიძე. 

სუს-ის ცნობით, შეხვედრაზე შეხვედრაზე 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მის მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება მოსთხოვეს. 

ასევე ისაუბრეს 22 თებერვალს დაკავებული საქართველოს მოქალაქის მალხაზ წურწუმიას გათავისუფლების აუცილებლობის საკითხზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 21 მარტს გაიმართება.

კომენტარები