არჩილ ტატუნაშვილის საქმე

კაპანაძე ტატუნაშვილის მკვლელობაზე: შევქმნათ მსგავს დანაშაულში მონაწილეთა სია

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტი სამართალდამცავების მიერ საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაკავების, ცემისა და გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. 

კაპანაძემ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, რომ შეიქმნას ე.წ. ოთხოზორიას სია, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ და მსგავს დანაშაულებებზე. 

"შევქმნათ ე.წ. ოთხოზორიას სია, მსგავსად მაგნიტსკის სიისა, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, აი, ამ სისასტიკეებზე, რომ ამ ადამიანების მიმართ გავრცელდეს სანქციები ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ასევე ამ ადამიანებმა არ ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების მიმართ სხვადასხვა შეღავათით, მაგალითად, სამედიცინო მომსახურებით. მოგიწოდებთ, რომ ამას შეხედოთ არა პარტიული, არამედ სახელმწიფო კუთხით და ჩვენ მალე შემოვალთ ინიციატივით, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს პარლამენტმა,"- ამბობს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი. 

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებამ გუშინ, 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავა. მარიონეტული რეჟიმი მას ბრალად სდებდა "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდში მონაწილეობის მიღებას", რადგანაც ტატუნაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა. 

მარიონეტული უწყება აცხადებს, რომ დაკითხვის დროს ტატუნაშვილმა "გამოძიებასთან არ ითანამშრომლომლა", რის გამოც მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსება გადაწყვიტეს. მათი ოფიციალური ვერსიით, გადაყვანის დროს, არჩილ ტატუნაშვილი შეეცადა, თანხმლები დაცვის წევრის ჯიბიდან იარაღი ამოეღო, რის შემდეგაც "აღნიშნულ ქმედებას საპასუხო რეაქცია მოყვა, მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები. ა. ტ.-მ წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს", სადაც ის დღეს, 23 თებერვალს გარდაიცვალა. 

კომენტარები