კანონი მაუწყებლის შესახებ

ნაცვლიშვილი: საზმაუს ფუნქცია არ არის, კერძო მაუწყებლებს საარსებო სახსრები წაართვას

ტაბულა

პარლამენტში მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. დეპუტატები დღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდებიან. გიორგი მარგველაშვილის პოზიცია დეპუტატებს საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა წარადგინა. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია ის კი არ არის, რომ გამოაცალოს ხელიდან კერძო მაუწყებლებს მათი არსებობისთვის აუცილებელი სახსრები. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია არის ის, რომ გააძლიეროს მედია გარემო, რომ პრეცედენტები და მაგალითები შექმნას გაბედულების, დამოუკიდებლობის, ხარისხის, ინოვაციის, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ ისეთ გამოსავალზე, რომელიც მართლაც გააძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ არ დაასუსტებს სხვა მედიებს და მოაგვარებს ყველა იმ გამოწვევას საზოგადოებრივი მაუწყებლის და მედიის წინაშე საქართველოში", - თქვა ნაცვლიშვილმა. 

მარგველაშვილმა კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს 15 იანვარს დაუბრუნა. 

საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას გულისხმობს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს". 

საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 

65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან. 

საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 

კომენტარები