კანონი მაუწყებლის შესახებ

თალაკვაძე: ზოგიერთს მედიაპლურალიზმი და ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სურს

არჩილ თალაკვაძე
ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ ეჭვი გაუჩნდა, რომ ზოგიერთი მედიის ხელმძღვანელს პლურალიზმის და ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სურს. 

"ნინო ჯანგირაშვილმა პრაქტიკულად შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დეპუტატები, ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები მსჯელობის, განხილვის საფუძველზე კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ მექანიკურად. ეს ასე არ არის. პარლამენტში გამართულმა დისკუსიამ და უმრავლესობის შიგნით განსხვავებულმა მოსაზრებებმა დაადასტურა, რომ ასე ნამდვილად არ არის. შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ დავეთანხმები შეფასებებში.

ვადევნებდი რა თვალყურს დღევანდელ განხილვას, მიჩნდება ეჭვი, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი არა კიდევ ერთი ძლიერი მაუწყებლის, კიდევ ერთი ტელევიზიის მომხრე და მედია პლურალიზმის მომხრეა, არამედ პირიქით, მათ არ სურთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს თანამედროვე, ეფექტური და რეიტინგული ტელევიზია. ის რეფორმები, რომელსაც მხარს ვუჭერთ უმრავლესობის შიგნით, ზუსტად მიმართულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ჰქონდეთ კონკურენტული ხელფასები, კარგი სამუშაო პირობები, კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ეს ტელევიზია იყოს სწრაფი, ეფექტური და რეიტინგული. სარეკლამო ბაზარი დღეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მიწოდება იყოს მეტი. თუ ამ მიწოდებას დააკმაყოფილებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, გარკვეული რეგულაციებით, რომელიც ჩადებულია კანონმდებლობაში, ვფიქრობ, ეს არ გამოიწვევს მედიასაშუალებების საქმიანობაში რაიმე ტიპის შეფერხებას. პირიქით, ვფიქრობ, რომ სარეკლამო მოთხოვნაზე უფრო ადეკვატური პასუხი მედიასაშუალებების მხრიდან იქნება უკეთესი მომავალი განვითარებისთვის", - თქვა თალაკვაძემ. 

ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს კერძო რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭება. ისინი თვლიან, რომ ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 

ამ პოზიციაზეა ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილიც. მან შეხვედრაზე იმის დამადასტურებელი სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი წლების განმავლობაში იკლებს, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ჯანგირაშვილის ამ განცხადებას სიცრუე უწოდა. 

მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიოს. მარგველაშვილმა კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს 15 იანვარს დაუბრუნა. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს". 

საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 

65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან. 

საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 

კომენტარები