სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა. სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის მამაკაცმა იარაღის მუქარით ფული და მობილური ტელეფონი წაიღო.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას გატაცებული მობილური ტელეფონი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





