იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანი სუბელიანის და ახობაძის საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება

ტაბულა

"სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება", - ეს იუსტიციის მინისტრმა ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის საქმესთან დაკავშირებით თქვა. 

"სასამართლო გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა აღსრულდეს და მათ შორის ამ საქმეზეც სასამართლო გადაწყვეტილება იქნება აღსრულებული იმ ფარგლებში, რაც თქვა ქართულმა სასამართლომ", - თქვა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის ეროვნული ცენტრის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ დღეს კიდევ ერთხელ სცადეს, იუსტიციის მინისტრისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოეთხოვათ.

თუმცა, ისინი ეროვნული არქივის შენობაში, ღონისძიებაზე, სადაც იუსტიციის მინისტრმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის 5 წელი შეაჯამა, არ შეუშვეს.

სუბელიანი და ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

თუმცა, დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია.

ის, რომ სუბელიანის და ახობაძის მიმართ სასამართლოს გადაწყევტილება არ შესრულდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საგანგაშო ფაქტად მიიჩნია. საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, „ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანო ნებაყოფლობით არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არის საშიში ტენდენცია და არის შეტყობინება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ თუკი ის უწყება, რომელიც პირდაპირ არის ვალდებული იცავდეს კანონს და უზრუნველყოფდეს სამართლიანობას ქვეყანაში, ვერ და არ უზრუნველყოფს სამართლიანობას, არის შეტყობინება სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რომ მათ შეუძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულონ". 

კომენტარები