ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

საგარეო: აქტიურად ვიმუშავებთ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობასთან

kvira.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, "ჩვენ გულისყურით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს". მინისტრის მოადგილე გერმანიის მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრის იოაჰიმ შტამპის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვას ითხოვს.

"გვაქვს გერმანიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. გასულ წელს შესაბამისი შეთანხმებაც გაფორმდა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ გერმანიის არამარტო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, არამედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცალკეულ მიწებთან. გასულ წელს რამდენიმე მხარეში გაიმართა საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი და მათ შორის ოთხ მიწასთან გაფირმდა თანამშრომლობის შეთანხმება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ რაინ-ვესტფალიის მთავრობასთან. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნორებთან ერთად ყველა ნაბიჯი იდგმებოდეს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს, რომელიც საერთო ძალისხმევის შედეგია" - ამბობს მხარობლიშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ "საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და თავშესაფრის არალეგიტიმური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან". მისი თქმით, ხშირად, კერძო პირებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ ცრუ დაპირებებით, "რის შედეგადაც ქვეყნისთვის ზიანის გარდა, პირად ფინანსურ ზარალსაც იღებენ".

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა ჩვენს მოქალაქეს, "ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ, რაც გულისხმობს მხოლოდ ტურისტული და მოკლევადიანი, 90-დღიანი ვიზიტით შენგენის ქვეყნებში გამგზავრებას".

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრთა კაბინეტის წევრის იოაჰიმ შტამპის თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები. შტამპი წარმოშობით ქართველთა კრიმინალურ საქმიანობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია. ამის შესახებ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა.

საქართველომ ანალოგიური შენიშვნა ევროკომისიისგანაც მიიღო. ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს.

ევროკომისია საქართველოს აძლევს რეკომენდაციას დასრულდეს პოლიციის რეფორმა და შეიქმნას დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა, ასევე დაასრულოს მუშაობა სამიგრაციო რისკების შეფასების სიტემაზე.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტ-დეკემბერში ის საქართველოს 170 000-მა მოქალაქემ გამოიყენა.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

კომენტარები