დემნა გვასალია

დემნა გვასალია: არ ვთვლი, რომ ელეგანტურობა რელევანტურია

Vogue.com

"რომ მიხვდე რა ქმნის დემნა გვასალიას ყველაზე აქტუალურ დიზაინერად პარიზში, პირველ რიგში ყველაფერი უნდა დაივიწყო პარიზის შესახებ" - ასე იწყება გარდიანის სტატია ვეტმონის დამფუძნებელსა და ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორზე, დემნა გვასალიაზე. 

გარდიანი წერს, რომ დემნა გვასალიას პარიზი არ არის აქამდე ნაცნობი პარიზი - ეს არის ქალაქი სწრაფი კვების ობიექტებითა და ტელეფონის ჯიხურებით, ქალაქი, სადაც მიმზიდველობა მჭიდრო ჯინსებსა და ყალბი ბრენდების ჩანთებს ნიშნავს, ქალაქი, სადაც ყოველი ქუჩის კუთხიდან სხვადასხვა ენაზე საუბარი ისმის და არა ედიტ პიაფის ჰარმონიული სიმღერა.

"არ ვთვლი, რომ ელეგანტურობა რელევანტურია" - ამბობს დემნა გვასალია - "ვეტმონში ყველაფერი ქუჩასთან არის დაკავშირებული და არ ვფიქრობ, რომ ქუჩებში ელეგანტურობა არის ის, რისკენაც ადამიანები მიისწრაფიან".

ვეტმონის ბოლო ჩვენებაზე მოდელებს გამოსვლამდე ძალიან ადრე ჩააცვეს, ამის შემდეგ მათ მიცეს უფლება ჩვეულებრივად მოქცეულიყვნენ. შედეგად, ტანსაცმელი ისე გამოიყურებოდა, როგორც რეალურ ცხოვრებაში.

"ვვარაუდობ, რომ აქ [ვეტმონსა და ბალენსიაგაში] რაღაცებს განსხვავებულად ვაკეთებთ. მაგრამ ამავდროულად ყველაფერი იგივედ რჩება. იმიტომ, რომ არ აქვს მნიშვნელობა კაბაა თუ ვეტმონის ჯემპრი, მაინც ყველაფერი ადამიანზე არის დამოკიდებული - რომელიც იცვამს და ფიქრობს: მე ბედნიერი ვარ, მე ბედნიერი ვარ როგორც გამოვიყურები", - ამბობს დემნა გვასალია.

დემნა გვასალიამ ვეტმონი 2014 წელს შექმნა და გარდიანი წერს, რომ ბრენდი ყველაზე გავლენიანი გახდა თანამედროვე მოდაში. ვეტმონის დაარსებიდან ერთ წელიწადში გვასალია ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორად დაინიშნა და მისი სამყარო ისეთივე გლამურული გახდა, როგორი ჰიპურიც იყო მანამდე.

"ჩემი ხედვა პრაგმატულია. მოდის სამყარო არ არის რეალური და ჩემი ესთეტიკა ჰიპერრეალიზმს გავს. არ ვარ დაინტერესებული სიზმარში ცხოვრებით, სიკვდილამდე მოწყენილი ვიქნებოდი ამით", - ამბობს დემნა გვასალია.

გვასალია 1981 წელს, სოხუმში დაიბადა. 1989 წელს რკინის ფარდა დაინგრა და უცბად მის ცხოვრებში გაჩნდა: პოპ მუსიკა, კოკა-კოლა, ვოგის ჟურნალები.

"ვეტმონის ბოლო ჩვენება ყველაზე ახლოს იყო ჩემს აღმოსავლეთ ევროპულ წარსულთან. ეს 100%-ით მე ვიყავი, 100%-ით ჩემი ესთეტიკა იყო. 16 წლის გოგო, რომელიც ჩვენებაზე გამოვიდა საქართველოდან იყო - ეს დამთხვევა იყო, ჩვენ ის ინსტაგრამზე ავარჩიეთ, მაგრამ როდესაც წითელი ჟაკეტი და ყვავილებიანი კაბა ჩავაცვი, თავშალთან და ბათინკებთან ერთად, ის ზუსტად დაემსგავსა ქალს იმ ადგილიდან, სადაც გავიზარდე", - ამბობს დემნა გვასალია.


ფოტო: Vogue.com

გვასალია 10 წლის იყო, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, მან ძმასთან, დედასთან და ბებიასთან ერთად ტერიტორია მთების გავლით დატოვა. იძულებულები გახდნენ მიეტოვებინათ მანქანა და გაეყიდათ კალაშნიკოვი, რათა ეყიდათ ცხენი. საბოლოოდ, დემნა გვასალია თბილისში დასახლდა. 

"გარისკვას ბავშვობიდან მიჩვეული ვარ და სწორედ, ეს არის ვეტმონის დნმ-იც. მოდაში გჭირდება გარისკვა, რათა გადარჩე" - ამბობს დემნა გვასალია.

გარდიანთან ინტერვიუში გვასალია ამბობს, რომ ახლა მისი მთავარი ობსესია გულწრფელობაა.

"ნახეთ რა ხდება ჩვენ გარშემო, ნახეთ რა ხდება ჰოლივუდში, ჩვენ გამჭირვალობა გვჭირდება", - ამბობს დემნა გვასალია.

გვასალიას ბალენსიაგასთვის ახალი პროექტი აქვს - ტანსაცმლის ციფრული მორგება,რაც შესაძლებელს გახდის, რომ მოდელს ვირტუალურად, ეკრანზე მოაზომო ტანსაცმელი.

გარდიანმა კითხა გვასალიას, თუ რამდენად შეცვლის ეს ტექნოლოგია მოდის ინდუსტრიას.

"ჯერ არ ვიცი. მე მომავალს ვერ ვხედავ, მაგრამ ვთვლი რომ ყველაფერი შეიცვლება", - ამბობს დემნა გვასალია.

კომენტარები