საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: "ფეირის" და "დომესტოსის" უკანონო დამზადებისთვის 3 პირი დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარეცხი საშუალებების - "ფეირის" და "დომესტოსის" უკანონო დამზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აჭარაში, დაკავება კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე მოხდა.

"საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონში მოწყობილ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების - "ფეირის" და "დომესტოსის" უკანონო დამზადება. ამასთან, პროდუქციის წარმოებისთვის დაბალი ხარისხის და იაფფასიანი ნედლეული გამოიყენებოდა.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ინვენტარი, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2 000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები