სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მარგველაშვილი: უნდა გავზარდოთ წნეხი რუსეთზე საქართველოს ინტერესების შელახვისთვის

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკოს შეთავაზება, საქართველო შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებშია. პრეზიდენტის თქმით, ის, რომ 2008 წელს საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესდა, საფუძვლად დაედო 2014 წელს ყირიმის და უკრაინის ნაწილის ოკუპაციას. 

"უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზება იყო, რომ სანქციების არსებული მექანიზმის დახვეწის პროცესში საქართველოზეც იყოს საუბარი. ანუ, საუბარი იმაზე, რომ სანქციები არ არის მხოლოდ იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა, არამედ იმ დანაშაულისთვის, იმ ისტორიული უსამართლობისთვისაც, რაც 2008 წლის ომის შემდეგ განხორციელდა. საკითხის ასე დაყენება, ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებშია. თუ ვინმე ადევნებს თვალს ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ის, რომ 2008 წელს არ დაწესდა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისთვის, ეს იყო წინაპირობა ყირიმის და უკრაინის ნაწილის ოკუპაციისთვის. ამიტომ, პოზიცია ნათელია, რაც შეიძლება უნდა გავზარდოთ წნეხი მათ შორის საქართველოს ინტერესების შელახვისთვის", - თქვა მარგველაშვილმა. 

​უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 19 იანვარს, კიევში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში კი ამის შესახებ არაფერი ეწერა. 

პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს. 

"ეს ხელს შეუწყობს მეტ ყურადღებას და წაახალისებს ევროპას, გაახანგრძლივოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს კუთხით ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კომპონენტები", - თქვა პეტრო პოროშენკომ შეხვედრაზე. 

ამ ეტაპზე მმართველი გუნდის წევრები არ პასუხობენ კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველო, შეუერთდეს რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოების მექანიზმს ან რატომ ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღება. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ "ეს შეთავაზება არ არის". 

ევროპულმა საქართველომ კი ჯანელიძის ამ განცხადებას "აბსოლუტურად საზიანო, მავნებლური და უპასუხისმგებლო უწოდა" და საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაიბარა

კომენტარები