საზოგადოებრივი მაუწყებელი

2015-2016 წლებში საზმაუმ სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლად 1,182,139 ლარის ხელფასი გასცა

2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლებს ხელფასები 1,182,139 ლარით გაუზარდა, რაც არ იყო შეთანხმებული არხის სამეურვეო საბჭოსთან. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა. ამ პერიოდში არხის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი იყო.

აუდიტის ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ არხის უკლებლივ ყველა თანამშრომელი დირექტორის გარდა შტატგარეშე მოსამსახურედ იყო გაფორმებული. სამსახურმა ამასთანავე ხარვეზები გამოავლინა ხელფასების აღრიცხვის და მათი ბუღალტრული გაფორმების ნაწილში.

აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, უფრო დეტალურად შეისწავლოს უწყების ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტის განხილვის პროცესის დროს.

"სახელმწიფო ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარდგენილი საბიუჯეტო განაცხადისა და მისი შემდგომი ცვლილებების განხილვისას, ყურადღება გაამახვილოს წარდგენილი საბიუჯეტო პარამეტრების ადეკვატურობაზე.

მაგალითად: 2015 და 2016 წლების დამტკიცებულ ბიუჯეტში მომუშავეთა შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია 2,767,000 ლარით, ხოლო რიცხოვნება - 122 ერთეულით. ფაქტობრივად კი, ამ კატეგორიიდან მხოლოდ გენენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს წევრებზე გაიცემა ხელფასი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო განაცხადის წარდგენის დროს მაუწყებელს მოსთხოვოს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგი",- წერია აუდიტის ანგარიშში.

საზოგადოებრივი მაწუყებლის მოქმედი დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ 2017 წლის 6 იანვარს დაიკავა პოსტი.

 

კომენტარები