კატალონია

ესპანური ტელევიზია პუჩემონტის მიმოწერას ავრცელებს, სადაც ის დანებებაზე საუბრობს

Telecinco

ესპანური ტელევიზია Telecinco ავრცელებს სურათებს, რომლებიც მათი განცხადებით კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩემონტის და კატალონიის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მიმოწერას ასახავს.

მიმოწერაში პუჩემონტი ამბობს, რომ მისი მოკავშირეები რეგიონის პრეზიდენტად მისი დაბრუნების საკითხზე დანებდნენ და მადრიდმა გაიმარჯვა.

"ეს დასასრულია" "ჩვენ კატალონიის რესპუბლიკის უკანასკნელი დღეების მომსწრე ვართ" "ვფიქრობ იცი, რომ ყველაფერი დამთავრდა. ჩვენმა ხალხმა გაგვწირა. ყოველ შემთხვევაში, მე მაინც. თქვენ კვლავ იქნებით მინისტრები (იმედი მაქვს და მსურს რომ ასე იყოს), მაგრამ მე უკვე გავიწირე" "არ ვიცი რა დარჩა ჩემი ცხოვრებისაგან, მაგრამ მე მას ჩემი რეპუტაციის დაცვას მოვახმარ. მე დამაზიანა ჭორებმა და ტყუილებმა. მე მათ საერთო მიზნების გამო ვუძლებდი. ეს დასრულდა და ახლა ჩემი ცხოვრების მიძღვნა საკუთარი თავის დაცვისათვის მომიწევს."

გავრცელებულ მიმოწერასთან დაკავშირებით პუჩემონტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ეჭვები აწუხებდა, თუმცა პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს.

"მე ადამიანი ვარ და არის მომენტები, როდესაც ეჭვი მაწუხებს. მე ასევე ვარ პრეზიდენტი და უკან არ დავიხევ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის მადლიერების დასაფასებლად. ჩვენ ვაგრძელებთ!" დაწერა მან.

მან ტელეარხი კონფიდენციალობის დარღვევაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს ჩატარდა და საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მოიპოვეს. პარლამენტის სპიკერად ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი, როჯერ ტორენტ რამიო დაინიშნა. მან რეგიონის პრეზიდენტის ასარჩევად მოწვეული სესია გადადო. პოსტზე მხოლოდ პუჩემონტის კანდიდატურაა წამოყენებული. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ პუჩემონტი რეგიონს ბრიუსელიდან ვიდეო ჩართვებით მართავს, თუმცა ესპანეთის მთავრობა და სასამართლო აცხადებენ, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია. ესპანეთში დაბრუნების შემთხევაში ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები