ტერორიზმი

აშშ-მა ტერორისტების სიაში ჰამასის ლიდერი და 3 დაჯგუფება შეიყვანა

Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პალესტინური ისლამისტური დაჯგუფების, ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანია ტერორისტად გამოაცხადა.

ჰამასის ოფიციალურიმა წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა, რომ გმობენ ამ გადაწყვეტილებას და მას ამერიკის პოლიტიკაზე სიონისტების ბატონობის გამოხატულებად მიიჩნევენ.

ჰამასი, რომელიც ღაზას სექტორში აქტიურობს, აშშ-სა და ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას ტერორისტული დაჯგუფებების სიაში ჰყავთ შეყვანილი.

დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ ისმაილ ჰანიამ ღაზას სექტორში ჰამასის დაარსებიდან 30 წლისთავზე საუბრისას თქვა, რომ "ჰამასი გაანადგურებს ტრამპის გადაწყვეტილებას. არცერთ სუპერძალას არ შეუძლია შესთავაზოს იერუსალიმი ისრაელს. არ არსებობს არავითარი ისრაელი, რომ მისი დედაქალაქი იერუსალიმი იყოს."

ჰამასის ლიდერის გარდა სიაში შევიდა დაჯგუფება ჰარაქათ ალ-საბირაინი, რომელიც ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე მოქმედებს და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით მხარდაჭრას ირანისაგან იღებს. ასევე ლივა ას-სავრა. ამ დაჯგუფებამ 2017 კაიროში ეგვიპტელი გენერლის მკვლელობაზე და 2017 წლის აფეთქებებზე აიღო პასუხისმგებლობა. ასევე ჰარაქათ სავა'დ მისრ. მათ ეგვიპტეში განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმაზე აიღეს პასუხისმგებლობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თქმით ამ ნაბიჯის სამიზნეს წარმოადგენენ მთავარი ტერორისტული დაჯგუფებები და ლიდერები - მათ შორის ირანის მიერ დაფინანსებულები - რომლებიც ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას და სამშვიდობო პროცესებს უქმნიან საფრთხეს და თავს ესხმიან მათ მოკავშირე ეგვიპტესა და ისრაელს.

კომენტარები