რუსეთი-სირია

სოჭში სირიის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს სირიის ოპოზიცია არ ესწრება

Reuters

სოჭში რუსეთის ორგანიზებით სირიის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კონფერენციას, რომელიც ორდღიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა უკანასკნელი გადაწყვეტილებით მხოლოდ ერთ დღეს გასტანს, "სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესი" ჰქვია და მას რუსეთის, თურქეთის, ირანის და ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სირიაში გაეროს საგანგებო დესპანი სტაფან დე მისტურაც ესწრება. შეხვედრებზე სირიის კრიზისის გადაჭრის პოლიტიკური გზები, ქვეყნის სამომავლო სტრუქტურა და ახალი კონსტიტუციის ჩარჩოები უნდა განიხილონ.

კონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადა სირიის მთავარმა ოპოზიციურმა ბლოკმა. მოლაპარაკებებზე დასასწრებად გაემგზავრა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, თუმცა მათ რუსეთში ჩასვლის შემდეგ აეროპორტის დატოვებაზე უარი განაცხადეს. ამის მიზეზად ქალქში კონფერენციასთან დაკავშირებით სირიის დროშების შემცველი ბანერების გაკვრა სახელდება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მოლაპარაკებებზე ოპოზიციას თურქული მხარე წარმოადგენს.

სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაციების გამო მოლაპარაკებებს ბოიკოტი სირიელმა ქურთებმაც გამოუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ჟენევასა და ასტანაში ასადის ძალებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებებს შედეგი არ მოუტანია. სირიის ამჟამინდელი მთავრობა ასადის გადადგომას ეწინააღმდეგება, ოპოზიცია კი ამას მშვიდობისათვის აუცილებელ წინაპირობად განიხილავს.

კომენტარები