ტრანსფობია

ადამიანი, ვინც ტრანსგენდერ ქალს სცემა, დაკავებული არ არის

fb.com

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ადამიანი, ვინც ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას სცემა, დაკავებული არ არის.

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მოძალადის ვინაობა დადგენილია, თუმცა ექსპერტიზის ჩატარებას დრო სჭირდება.

"თუკი ვინმეს რაიმე კითხვის ნიშნები გააჩნია საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დღევანდელი პოლიცია, თანაბრად იცავს ყველა ადამიანის უფლებებს, განურჩევლად იმისა, როგორია ამ ადამიანების სექსუალური ორიენტაცია და როგორია ამ ადამიანების მრწამსი. თითოეულ ფაქტზე ვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას. გუშინ, როგორც კი ცნობილი გახდა ჩვენთვის ამ ინციდენტის შესახებ, დავიწყეთ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, გამოვკითხეთ დაზარალებული, დავადგინეთ მოძალადის ვინაობა, დავნიშნეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დღესაც, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა იმ მოწმის გამოკითხვა, ვისაც საქმესთან დაკავშირებით შეიძლება რაიმე ტიპის ინფორმაცია ჰქონდეს", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ტაბულას კითხვას, არის თუ არა მოძალადე უკვე ბრალდებული და დააკავეს თუ არა ის, მეზვრიშვილი პასუხობს:

"როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები ამოიწურება, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ვინ არის მსხვერპლი, ვინ არის დაზარალებული, კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. თუ საკმარისი საფუძველი იქნება, დავაკავებთ კიდეც. ამ დროისთვის ბრალდებული არ არის, რადგან ექსპერტიზის ჩატარებას, მოტივის გამოკვეთას სჭირდება დრო და გვინდა, რომ ამ საქმეზე სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება მივიღოთ", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, დაზარალებული აცხადებს, რომ ძალადობა დისკრიმინაციული ნიშნით მოხდა. მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს.

"დაზარალებული აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობა დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელდა. ყველაფერს აკეთებს საგამოძიებო ორგანო იმისთვის, რომ დაადასტუროს ამ დისკრიმინაციული ნიშნის არსებობა და როგორც კი ამოვწურავთ ამ საგამოძიებო მოქმედებებს, არ არის გამორიცხული, რომ საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალოს", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

28 იანვრის გამთენიისას თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს მირანდა ფაღავას თავს უცხო მამაკაცი დაესხა და სასტიკად სცემა.

მირანდა ფაღავა ჰყვება, რომ ტაქსიდან გადმოსულს თავდამსხმელი მარკეტში შეჰყვა, გაყოლა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ქუჩაში გამოყვა, წააქცია და წიხლები, ასევე მარკეტის შესასვლელთან მდგარი რკინის დაფა ურტყა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლითაა დაწყებული.

ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს სწავლობს ომბუდსმენის აპარატი. სახალხო დამცველის განცხადებით, ფაქტს "შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს" და ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

კომენტარები