ტრანსფობია

TBILISI PRIDE: ტაილანდელი ქალის მკვლელობა ტრანსფობიური სიძულვილის კიდევ ერთი გამოვლინებაა

თანასწორობის მოძრაობა

TBILISI PRIDE ეხმიანება ტაილანდის მოქალაქის, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ფაქტს და აცხადებს, რომ ეს ქვეყანაში არსებული ტრანსფობიური სიძულვილის კიდევ ერთი საგანგაშო გამოვლინებაა. ორგანიზაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსსა და მეგობრებს და მოუწოდებს სახელმწიფოს გადადგას ეფექტური ნაბიჯები ტრანსფობიური ძალადობის დასასრულებლად.

"საგანგაშოა საქართველოში არსებული ჰომო/ტრანსფობიური ძალადობრივი კულტურა, რომელიც ნორმალიზებული და წახალისებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფის მიერ. ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონები და პოლიტიკები არსებობს ფორმალურად, რეალურად კი, ლგბტ+ თემის წევრების თანასწორუფლებიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის არცერთ სფეროში არ არის სათანადოდ დაცული. სახელმწიფო უარს აცხადებს ჰომო/ტრანსფობიის პრობლემის აღიარებაზე. Სახელმწიფოს მიერ ძალადობასთან დაპირისპირება მოჩვენებითია, მეტიც, იგი უშუალოდ მონაწილეობს ლგბტქ+ ადამიანების დევნაში, რაც ცხადად დაგვანახა 2021 წლის 5-6 ივლისს მოვლენებმა".- აცხადებს ორგანიზაცია.

TBILISI PRIDE მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია სახელმწიფომ გაიაზროს და შეასრულოს საკუთარი პოზიტიური ვალდებულება ძალადობის აღმოფხვრისა და თანასწორობისკენ სწრაფვის პროცესში.

"მოვუწოდებთ სახელმწიფო სტრუქტურებს დაუყონებლივ დაიწყონ სისტემური მუშაობა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შესამცირებლად, Მათ შორის ფართო საგანმანათლებლო აქტივობებისა და ცნობიერების ამაღლების გზით, რაც სამომავლოდ ლგბტქ+ ადამიანებისთვის შექმნის უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს. ისე როგორც არასდროს, დგას ჰომოფობიის სისტემურად გააზრების და მასთან ეფექტური ბრძოლის საჭიროება".- აცხადებს TBILISI PRIDE. 

31 ოქტომბერს, თბილისში, ტაილანდური მასაჟის ცენტრში ტაილანდის 38 წლის მოქალაქე მოკლეს, რომელიც საქართველოში სამუშაოდ იმყოფებოდა. დაჭრილია სალონის კიდევ ერთი ტაილანდელი თანამშრომელი, რომელმაც თავდამსხმელისთვის ხელის შეშლა სცადა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული მასაჟის ცენტრში "გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა". მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის კალათბურთელი ვ.ც.-ია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა და სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები