საუდის არაბეთი

კორუფციაში ბრალდებული საუდის არაბეთის პრინცი ალვალიდ ბინ თალალი გაათავისუფლეს

ალვალიდ ბინ თალალი
The Guardian

გავრცელებული ცნობით საუდის არაბეთის პრინცი, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალი გაათავისუფლეს. ის ორი თვის წინ კორუფციის ბრალდებით სხვა პრინცებთან და ბიზნესმენებთან ერთად დააკავეს და ამ დრომდე სასტუმრო რიც-კარლტონში რჩებოდა.

გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე ის ჟურნალისტებს ესაუბრა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებები მოიხსნა და რამდენიმე დღეში გაათავისუფლებდნენ. მან ასევე თქვა, რომ ბრალს კვლავ არ აღიარებს და მისი დაკავება "გაუგებრობა" იყო. პრინცის თქმით ის მხარს უჭერს საუდის არაბეთის ტახტის ახალი მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის მიერ წამოწყებულ რეფორმებს.

საუდის არაბეთის ოფიციალური პირების თქმით პრინცმა გენერალურ პროკურორთან ფინანსურ შეთანხმებას მიაღწია. უცნობია შეთანხმების დეტალები.

შეგახსენებთ, რომ ალვალიდ ბინ თალალს თავისუფლების სანაცვლოდ 6 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას სთხოვდნენ, რაც მისი 18.7 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონების დაახლოებით მესამედს წარმოადგენს. პრინცი აცხადებდა, რომ ამ თანხის გადახდა მისი მხრიდან ბრალის აღიარება იქნებოდა და ის მზადა იყო თავი სასამართლოში დაეცვა.

გავრცელებული ცნობებით ალვალიდ ბინ თალალი საუდის არაბეთის მთავრობის დარწმუნებას ცდილობდა, რომ სანაცვლოდ მისი კომპანიის ნაწილი მიეღოთ, რომელის ფასი 8.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, კომპანიის აქციების ფასი პრინცის დაკავების შემდეგ 14%-ით დაეცა.

გასული წლის ნოემბრის ბოლოს კიდევ ერთი პრინცი, მუტალიბ ბინ აბდულა ერთი მილიარდი აშშ დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები