ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის იპოდრომზე ესტაკადამ უნდა გაიაროს, მას მერია ზარალს აუნაზღაურებს

flickr.com

თბილისის ცენტრში, 40 ჰექტარის ფართობის იპოდრომს ღობე არ აკრავს, მოსახლეობა მას სარეკრეაციო მიზნით იყენებს, თუმცა აღნიშნული ტერიტორია 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებას წარმოადგენს. ახლა მერია იპოდრომის ერთ ნაწილზე, კარტოზია-ცინცაძის ქუჩის დამაკავშირებელი ესტაკადის გაყვანას გეგმავს, რის გამოც ექსპრემიერი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

მერია საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეს ზარალის ანაზღაურების სახით. მიწის გაცვლას სთავაზობს. არსებობს ალბათობა, რომ ექსპრემიერს არა რამდენიმე ჰექტარი, არამედ მთლიანად იპოდრომის ტოლფასი ტერიტორია გადასცენ.

ახალი ესტაკადა ცინცაძე-კარტოზიას ქუჩებს დააკავშირებს და მისი მშენებლობა 2.9 მილიონი ლარი დაჯდება. მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ესტაკადით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ მოძრაობა კონფლიქტური წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და საკონფლიქტო წერტილების გარეშე გაივლის ყაზბეგის ქუჩიდან იყალთოს გვირაბისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩრდილო კიდეზე გამავალი ტრასის სიგრძე
ესტაკადის ჩათვლით 245 მ-ია. აქედან ასასვლელი პანდუსი 88 მ, ესტაკადა 26 მ და
ჩამოსასვლელი პანდუსი 131 მ.


ფოტო: ტენდერები

დამალული აქტივი

იპოდრომი კომპანია ივნესტ კაპიტალს ეკუთვნის, თავად ინვესტ კაპიტალი კი პანამაში რეგისტრირებულ ოფშორს - Limestone Finance-ს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ აღნიშნული ოფშორი ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ დეკლარაციაში არ მოიხსენია, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.

მერია ამ ესტაკადის აშენებას დავით ნარმანიას მერობის დროსაც გეგმავდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, მერიამ ამ ესტაკადის მშენებლობაზე 87 ხის გადარჩენის მოტივით თქვა უარი. ახლა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, მაშინ ივანიშვილის კომპანიასთან მერიამ ვერ მიაღწია გარიგებას მიწის გაცვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები