სიტროენ ჯორჯია

ხადური: სასწრაფოების შესყიდვის ტენდერში Citroen Georgia-ს მიმართ კანონი არ დარღვეულა

ტაბულა

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ამბობს, რომ "სიტროენ ჯორჯიას" მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა არ მომხდარა. ხადურის თქმით, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ კომპანიის სარჩელი კონკურენციის სააგენტომ დაუშვებლად ცნო.

"ცალსახად ვამბობ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები არ იკვეთება", - პალიტრანიუსის ეთერში ამბობს ხადური.

სიტროენ ჯორჯია გია გაჩეჩილაძის სიძეს ეკუთვნის, გაჩეჩილაძემ, რომელიც საკუთარ თავს გიორგი კვირიკაშვილის მეგობრად მიიჩნევს, განაცხადა - "ერთი და იგივე ადამიანთა ჯიბეებზე ნაწილდება სახელმწიფო ტენდერები, სხვები რჩებიან მშიერი და გაძვალტყავებული."

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება:

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს, შემდეგი გარემოებების გამო:

სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა ტენდერის გამოცხადებამდე წარმოებული ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მომჩივანმა ითხოვა ტენდერში მონაწილე კომპანიის სავალდებულო გამოცდილების ამოღება სატენდერო პირობებიდან, რათა მას, როგორც ბაზარზე ახლად შემოსულ კომპანიას, ჰქონოდა ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მოთხოვნა დააკმაყოფილა სამინისტროს სატენდერო კომისიამ, რაც გამორიცხავს ბრალდებას, რომ სამინისტროს არ სურდა შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მონაწილეობა ხსენებულ ტენდერში. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას - ავტომობილების შესაბამისი აპარატურით აღჭურვის (რეანიმობილად გადაიარაღების) კუთხით 5 წლიანი გამოცდილების აუცილებლობის შესახებ, ბაზრის წინასწარი კვლევისას შპს „სიტროენ ჯორჯიას“ პრეტენზია არ გამოუთქვამს. ტენდერის პროცესში მან წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა „სიტროენ ჯორჯიას“ პარტნიორი უკრაინული კომპანიის რეესტრში რეგისტრაციასთან და შესაბამისად 5 წლიან გამოცდილებასთან დაკავშირებით (ხსენებული გადამოწმდა უკრაინის შესაბამის უწყებებთან). აღნიშნულ და სხვა სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, სატენდერო კომისიამ მოახდინა შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია, რაც კომპანიამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ამდენად, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სააგენტო მიიჩნევს, რომ მომჩივანი სათანადოდ ვერ ასაბუთებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს და შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც მოკვლევის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა", - წერია სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნულ საქმეზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო მოკვლევა გამოავლენდა, რომ მთავრობამ მართლაც დაარღვია კანონმდებლობა სიტროენ ჯორჯიას მიმართ ის გადადგებოდა.

ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც სიტროენ ჯორჯია მთავრობის მხრიდან ფავორიტიზმში ადანაშაულებს სპორტის ყოფილ მინისტრ - ტარიელ ხეჩიკაშვილს ეკუთვნის. 

კომპანიებისგან, რომლებშიც ხეჩიკაშვილი წილებს ფლობს სახელმწიფომ 2015-2017 წლებში 493 ავტომობილი შეიძინა. 

კომენტარები