სიტროენ ჯორჯია

კონკურენციის სააგენტო 1 თვის ვადაში გადაწყვეტს, სიტროენ ჯორჯიაზე მოკვლევას თუ დაიწყებს

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარს 30 დღის ვადაში შეისწავლის და მხარეთა პოზიციების შეჯერების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების ან მოკვლევაზე უარის თქმის შესახებ.

2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი წარმოადგინა, სადაც საუბარია სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული მოქმედების შესახებ. საჩივარი, დაახლოებით, 100 გვერდს შეადგენს.

კონკურენციის სააგენტომ, საჩივარი უკვე გადაუგზავნა მოპასუხე მხარეებს.

გია გაჩეჩილაძემ და "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენელმა (კომპანიას გაჩეჩილაძის სიძე გიორგი შარაშიძე ფლობს),12 დეკემბერს თქვეს, რომ ტენდერებს ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. მათ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებს გაუსვეს ხაზი. პრესკონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ "სიტროენ ჯორჯია" კონკურენციის სააგენტოს მიმართავს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს და სასწრაფო დახმარების მანქანებთან დაკავშირებული ტენდერებზე.

ბრალდებას უპასუხა გია გაჩეჩილაძის მიერ პირად მეგობრად მოხსენიებულმა პრემიერმა კვირიკაშვილმა. ასევე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომაც, რომელმაც "სიტროენ ჯორჯიას" გასულ ტენდერებში მისი ხარვეზები შეახსენა.

კომენტარები