სიტროენ ჯორჯია

გაჩეჩილაძე: ერთი და იგივე ადამიანებზე ნაწილდება ტენდერები, სხვები რჩებიან მშიერი

"ერთი და იგივე ადამიანთა ჯიბეებზე ნაწილდება სახელმწიფო ტენდერები, სხვები რჩებიან მშიერი და გაძვალტყავებული. როდესღაც ეს ფული ხომ უნდა გადანაწილდეს ხალხში. აი ეს გადანაწილების პერიოდი დადგა მგონი ახლა", - "სიტროენ ჯორჯიას" სარჩელზე ამბობს გია გაჩეჩილაძე.

გაჩეჩილაძემ დღეს პრესკონფერენცია "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად გამართა, რომლის მფლობელი მისი სიძე, გიორგი შარაშიძეა. პრესკონფერენციაზე გაჩეჩილაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც უწყების ტენდერები არაეფექტურად ტარდება, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგება. გაჩეჩილაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი მისი კუთვნილი კომპანიების მფარველობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "სიტროენ ჯორჯიას" დისკვალიფიკაცია გამოიწვია კომპანიის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობამ.

2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი წარმოადგინა, სადაც საუბარია სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული მოქმედების შესახებ. უწყებას ერთი თვე აქვს, რათა აღნიშნული სარჩელი შეისწავლოს.

სიტროენ ჯორჯიას ბრალდებას უპასუხა გია გაჩეჩილაძის მიერ პირად მეგობრად მოხსენიებულმა პრემიერმა კვირიკაშვილმა. პრემიერის განცხადებით, თუ აღნიშნულ საქმეზე მთავრობის გადაცდომა გამოიკვეთება ის მზადაა თანამდებობა დატოვოს.

ტაბულამ ტარიელ ხეჩიკაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული კომპანიების 2015-2017 წლების სატენდერო საქმიანობა გადაამოწმა, საიდანაც ირკვევა, რომ მინისტრის კომპანიებისგან სხვადასხვა უწყებებმა 493 ავტომობილი შეისყიდეს. ამ ტენდერების საერთო ღირებულება 22 მილიონ ლარს აღემატება.

კომენტარები