საქართველოს პროკურატურა

პირი, რომელიც პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს, სააპელაციომ უდანაშაულოდ ცნო

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თეიმურაზ ჟღენტის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ "პოლიტპატიმარ თეიმურაზ ჟღენტის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია". 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირის განცხადების საფუძველზე, "ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარდა". უწყების ინფორმაციით, "დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თეიმურაზ ჟღენტის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი".

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, თეიმურაზ ჟღენტი 2011 წლის მაისში, პოლიტიკური აქტიურობის გამო დააკავეს.

"2011 წლის მაისის თვეში თეიმურაზ ჟღენტი აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ გასამართი საპროტესტო აქციის მზადების და ორგანიზების პროცესში, რა მიზნითაც ახდენდა დაგეგმილი აქციების თაობაზე ისანი-სამგორის რაიონის მასშტაბით მოსახლეობის ინფორმირებას და მობილიზებას.    

სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, აქციის ორგანიზებაში ხელშეშლის მიზნით, 2011 წლის 21 მაისს, თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სასურსათო მაღაზიისკენ მიმავალი თეიმურაზ ჟღენტი, რომელსაც ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც ეს უკანასკნელი თითქოს გადაადგილდებოდა.

ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული თეიმურაზ ჟღენტი გასამართლდა 2011 წლის 13 სექტემბერს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჟღენტმა საპატიმრო დაწესებულებ მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში დატოვა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოს 52 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართეს. აქედან, 15 პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.  

კომენტარები