საქართველო-უკრაინა

პოროშენკო საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციების მექანიზმში ჩართვას სთავაზობს

Unian

პეტრო პოროშენკომ ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს. უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს კიევში, 19 იანვარს შეხვდნენ. 

პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაური ხაზს უსვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს. 

"ეს ხელს შეუწყობს მეტ ყურადღებას და წაახალისებს ევროპას, გაახანგრძლივოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს კუთხით ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კომპონენტები", - თქვა პეტრო პოროშენკომ შეხვედრაზე. 

ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. საქართველოს პარლამენტის პრესრელიზში ამ შეთავაზების შესახებ არაფერია ნათქვამი. 

პოროშენკოს პრესსამსახური ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს, 2017 წლის ივლისში გაფორმდა.

ასევე, მათ გამოხატეს ორმხრივი დაინტერესება საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების კუთხით, უფრო კონკრეტულად, განიხილეს არსებული პოზიციების მჭიდრო კოორდინაციის საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში. მხარეებმა ასევე დაადასტურეს ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. პოროშენკომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მხრიდან დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების დახმარებისა და მათი ოჯახების რეაბილიტაციისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. 

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით პოზიტიური დინამიკა აქვს. 

კომენტარები