ბაგა-ბაღები

შემცირებული რძე, ხაჭო, ფქვილი, მარილი, შაქარი - რა შეიცვალა საბავშვო ბაღების კვებაში

ტაბულა

15 იანვრიდან საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ახალი მენიუთი იკვებებიან. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემცირებულია კალორაჟი, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია.

ტაბულა დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის დადგენილების შედეგად, საქართველოში არსებულ ყველა საჯარო ბაღში ახალი მენიუ შევიდა.

როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ამბობს, ახალი დოკუმენტი UNICEF-ის დახმარებით მომზადდა, რომელშიც სრულად არის გათვალისწინებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების რეკომენდაციები.

ნათია ნოღაიდელის განმარტებით, ძველი რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების ყოველდღიური ნორმების საშუალო კალორიულობა იყო 1314,7 კილოკალორია, ხოლო ახალი რეგლამენტის განისაზღვრა 1292.84 კილოკალორია.

ნოღაიდელი ამბობს, რომ ეს შემცირებაც შაქრისა და ნახშირწყლების შემცველი სურსათის, მათ შორის საკონდიტრო ნაწარმისა და ტკბილი სასმელების ხარჯზე მოხდა.

"აპელირება მიდის კალორაჟთან დაკავშირებით. ძველი ტექნიკური რეგლამენტით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დღიური კალორაჟი იყო 1314.7 კილოკალორია. ახალი რეგლამენტით არის 1292.84 კილოკალორია. ანუ, შემცირებულია ძალიან მცირედით. ეს შემცირებაც მოხდა შაქრისა და ნახშირწყლების შემცველი სურსათის ხარჯზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რომლის მიზანია არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია. ამ რეკომენდაციების მიხედვით, უნდა გამოვიყენოთ დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი, ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლდეს უჯერი ცხიმებით, გამოვიყენოთ სუფრის მარილის მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი, შეიზღუდოს მარილის რაოდენობა, გამოვიყენოთ შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი და არ გამოვიყენოთ ტრანცხიმების შემცველი სურსათი. შაქარი სრულად არ ამოღებულია, უბრალოდ შემცირდა. დღიური ნორმა იყო 35 გრამი და გახდა 25 გრამი. მარილის ნორმა იყო 2 გრამი და გახდა 1 გრამი. სამაგიეროდ, გაიზარდა კვერცხის, ყველის, ახალი ხილის რაოდენობა. კორექტირდა ხორცის რაოდენობა", - ამბობს ნათია ნოღაიდელი ტაბულასთან.

მისივე თქმით, მიუხედავად კალორიულობის შემცირებისა, არ შემცირებულა ბავშვის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პროდუქტების ყოველდღიური ნორმები და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გაიზარდა.

ტაბულა გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა დღიური ნორმა შემცირდა ან გაიზარდა. სია ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა.

გაიზარდა:

  • ყველის ნორმა 3გრ-დან 12 გრ-მდე;
  • კვერცხის ნორმა 0.25-დან 0.5 ცალამდე;
  • ახალი ხილის ნორმა 90 გრ-დან 120 გრ-მდე;
  • პურის ნორმა 55 გრ-დან 100 გრ-მდე;
  • მცენარეული ზეთის ნორმა 5 გრ-დან 10 გრ-მდე;
  • კორექტირდა ხორცის ნორმა ძვლიანი ხორცის (60 გრ) ნაცვლად დაემატა:
  1. საქონლის რბილი ხორცი 44 გრ
  2. ქათმის ფილე 20 გრ.

შემცირდა:

  • შაქრის ნორმა 35 გრ-დან 25 გრ-მდე;
  • ხორბლის ფქვილის ნორმა 16 გრ-დან 10 გრ-მდე;
  • ხაჭოს ნორმა 40 გრ-დან 20 გრ-მდე (თუმცა განისაზღვრა ცხიმიანობა 6%);
  • რძის ნორმა 500 გრ-დან 450 გრ-მდე;
  • მარილის ნორმა 2 გრ-დან 1 გრ-მდე.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ბავშვობის ასაკში ეყრება საფუძველი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ორგანიზმი თავიდანვე სწორად ჩამოყალიბდეს.

"ადამიანის ჯანმრთელობას ეყრება საფუძველი ბავშვთა ასაკში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის, მისი ორგანიზმი ჩამოყალიბდეს სწორად და მომავალში არ დაუდგეს გარკვეული ქრონიკული დაავადებების განვითარების საფრთხე. ქრონიკული დაავადებები წარმოადგენს ავადობის და სიკვდილიანობის ძირითად ტვირთს მოსახლეობისთვის. ეს ძალიან დიდი ტვირთია ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც. ყველანაირად უნდა ვეცადოთ ბავშვობიდანვე შევაჩვიოთ ჯანსაღ კვებას და დავამკვიდროთ ჯანსაღი კვების პრინციპები, რათა მომავალში ნაკლები იყოს არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკი. ბავშვი თუ არ მიეჩვია სწორად კვებას ადრეულ ასაკში, შემდგომ ამის ორგანიზება ძალიან რთულია", - ამბობს ნათია ნოღაიდელი.

"ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 ოქტომბრის №487 დადგენილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ UNICEF-ის ტექნიკური დახმარებით მომზადდა. დადგენილება 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ახალი მენიუ კი ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებიდან, 15 იანვრიდან შევიდა.

დადგენილების დანართში სრულად არის იმ სურსათის ჩამონათვალი და შერჩევის წესი, რომელსაც ბაღებში იყენებენ. ასევე, ორი კვირის მენიუ:

კომენტარები