ბაგა-ბაღები

კალაძე: ინფორმაცია, რომ ბაღებში კვების რაციონი მცირდება, ძალიან დიდი ტყუილია

თბილისის მერია

კახა კალაძე "ძალიან დიდ ტყუილს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაგა-ბაღებში კვების რაციონი მცირდება. თბილისის მერის თქმით, ბაღებში ახალი მენიუ მთავრობის 2017 წლის ოქტომბრის თვის დადგენილებით განსაზღვრული კალორაჟის ახალი ნორმის შესაბამისად შემუშავდა.

„გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კალორაჟი არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო N487 დადგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. აღნიშნული კალორაჟის მიხედვით დამტკიცდა  ახალი მენიუ საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით. არსებულ რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის ხორცის, თევზის, ყველისა და რძის პროდუქტებმა და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მათ შორის მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები და ჩვენ ვალდებულები ვართ ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები“, - თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები