Human Rights Watch-ის ანგარიში

აფგან მუხთარლის საქმე Human Rights Watch-ის ყურადღების ცენტრში

HRW-ის 2017 წლის ანგარიშში, იმ ნაწილში, სადაც ორგანიზაცია სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს, აფგან მუხთარლის საქმესაც განიხილავს. ორგანიზაცია წერს, რომ "მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი, აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაქრა. 24 საათზე ნაკლებ დროში გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის იზოლატორში იმყოფებოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სხვა ბრალდებებით. მუხთარლიმ, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დევნის გამო ცხოვრობდა, რამდენიმე პოლიციის ფორმაში ჩაცმული და ქართულად მოსაუბრე ადამიანი დაადანაშაულა მის მანქანაში ძალით ჩასმაში, ცემასა და წაყვანაში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწრაფი გამოძიება ჩაატარეს და მომხდარში უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა უარყვეს. მოგვიანებით, გაზრდილი საერთაშორისო და შიდა კრიტიკის გამო, მათ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეიჩერეს კონტრადაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს". 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს არ აქვს ეფექტური დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესასწავლად.

"გამოძიება, იმ შემთხვევაში, თუ ის საერთოდ იწყება, ხშირად სრულდება დაბალი, შეუსაბამო სანქციებით და იშვიათად იწვევს დამაჯერებლობას/რწმენას. ხელისუფლება ხშირად აცხადებს უარს მსხვერპლის სტატუსი მიანიჭოს მას, ვინც ჩაგვრაზე საუბრობს, რაც თავის მხრივ, მათ არ აძლევს საშუალებას, გამოძიების საქმის მასალებს გაეცნონ", - ნათქბამია Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშში. 

'საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის ნოემბრის შემდეგ, პოლიციის მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, სულ მცირე, 20 და საპყრობილეების თანამშრომლების მხრიდან 5 განცხადება მიიღო. საია-ს ცნობით, არც ერთ ამ ბრალდებაზე სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა. 

ომბუდსმენის მოთხოვნით, 2014 წლიდან გენერალურმა პროკურატურამ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე 63 საქმის გამოძიება დაიწყო. არც ერთი მათგანი სისხლის სამართლებრივი დევნით არ დაწყებულა",- წერს ორგანიზაცია. 

Human Rights Warch-მა ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. 

კომენტარები