საქართველოს პროკურატურა

პროკურატურა პრეზიდენტს: თავი შეიკავეთ პროკურორების მიმართ მოწოდებებისგან

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.

გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა „უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო“.

„ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, რაც პროკურატურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

შევახსენებთ ყველას, რომ საქართველოს პროკურატურა და პროკურორები თავის საქმიანობაში არიან დამოუკიდებელნი და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ხოლო პროკურორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე ან გამამტყუნებელი განაჩენით დასრულებულ კონკრეტულ საქმეებზე გაკეთებული მსგავსი განცხადებები არის „არაკომპეტენტური, სუბიექტური და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“. პროკურატურის გადაწყვეტილებების რევიზია კი მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

„პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებები აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ცდილობენ შეითავსონ ხელისუფლების სხვა შტოების, პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები, რაც ცალსახად სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერი მსგავსი მოწოდება ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად პროკურატურის მუშაობის დამოუკიდებლობის პრინციპთან“ - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 16 იანვარს გადაცემა არჩევანში მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საქმეებზე ილაპარაკა.

კომენტარები