კანონი მაუწყებლის შესახებ

კობახიძე: ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით

პარლამენტის პრესსამსახური

საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის იმსჯელოს პრეზიდენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონზე დადებულ ვეტოზე. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის თქმით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდას ემსახურებოდა. 

"ვეტოს დადება კანონპროექტზე არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პრეზიდენტის ვეტოს და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არგუმენტები, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოში უნდა იყოს წარმოდგენილი და ამის საფუძველზე გაგრძელდება მსჯელობა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ პოზიცია თავის დროზე ჩამოვაყალიბეთ ძალიან კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება, დაახლოებით 50 მილიონზე მეტი და რეიტინგი არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ამოცანა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ამას ემსახურებოდა. ჩვენ თუ არ გვინდა ცვლილებების განხორციელება, ბუნებრივია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის საკითხები, რომელთაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა." - ამბობს კობახიძე.

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დღეს დაადო.

საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას გულისხმობს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს". 

საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 

65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან. 

საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. კანონპროექტზე ვეტოს დადება მათ პრეზიდენტს თავადაც სთხოვეს. 

კომენტარები